პოპვარსკვლავმა დუა ლიპამ Samsung-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო. მომღერალი ამტკიცებს, რომ კომპანიამ მისი ფოტოები ტელევიზორების შეფუთვაზე ნებართვის გარეშე გამოიყენა და ამით მისი იმიჯით კომერციული სარგებელი მიიღო.

სარჩელი კალიფორნიის ცენტრალურ ოლქის სასამართლოში პარასკევს შევიდა. დუა ლიპა კომპანიას 15 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას სთხოვს. დოკუმენტის მიხედვით, Samsung-მა მომღერლის გამოსახულება მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გამოიყენა, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყო.
სარჩელში ნათქვამია, რომ ტელევიზორების მუყაოს შეფუთვებზე გამოყენებული ფოტოები ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს დუა ლიპა პროდუქტის ოფიციალური სახე ან მხარდამჭერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს მსგავსი თანამშრომლობა არასდროს დაუდასტურებია. დოკუმენტის მიხედვით, მას შემდეგ რაც დუა ლიპამ აღნიშნული შეფუთვები აღმოაჩინა, მან კომპანიას გამოსახულებების გამოყენების შეწყვეტა მოსთხოვა. თუმცა სარჩელში აღნიშნულია, რომ Samsung-მა მოთხოვნას „უგულებელყოფითა და გულგრილი დამოკიდებულებით“ უპასუხა და კამპანიის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

„ქალბატონი ლიპას სახე ფართომასშტაბიან სარეკლამო კამპანიაში გამოიყენეს მისი ცოდნის, თანხმობისა და კონტროლის გარეშე,“ – აღნიშნულია სარჩელში. მომღერლის იურიდიული გუნდის განცხადებით, აღნიშნულმა ქმედებამ ზიანი მიაყენა არტისტის შესაძლებლობას, თავად აკონტროლოს საკუთარი ბრენდი და კომერციული პარტნიორობები. სარჩელში ხაზგასმულია, რომ დუა ლიპა განსაკუთრებულად ფრთხილად არჩევს ბრენდებსა და კომპანიებს, რომელთანაც თანამშრომლობს, და ინარჩუნებს „პრემიუმ იმიჯს“, რის გამოც მსგავსი უნებართვო გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევა.
დუა ლიპას სარჩელი Samsung-ს რამდენიმე სამართლებრივ დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის:
- საავტორო უფლებების დარღვევა
- სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენება
- პიროვნული იმიჯის კომერციული ექსპლუატაცია კალიფორნიის საჯაროობის კანონებისა და ფედერალური Lanham Act-ის ფარგლებში
სარჩელის მიხედვით, კომპანიამ გამოიყენა 2024 წელს Austin City Limits-ის მუსიკალურ ფესტივალზე კულისებში გადაღებული ფოტო, რომლის უფლებებიც თავად დუა ლიპას ეკუთვნის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Samsung-მა ფინანსური სარგებელი მიიღო მომხმარებელთა იმ წარმოდგენიდან, თითქოს მომღერალი პროდუქტის რეკლამაში ოფიციალურად მონაწილეობდა.
ამ ეტაპზე Samsung-ს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და არც პასუხი გაუცია ოფიციალურად ბრალდებებზე.


17 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·