„დურუჯის” ლაურეატებმა ლაშა პაპაშვილს ჯილდოები დაუბრუნეს

9 hours ago 2

თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრემია „დურუჯის“ ლაურეატები, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თეატრალური პრემია დაუბრუნეს.

თეატრალური პრემია „დურუჯის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილის „რედიქს ჯგუფია“. ხელოვანებმა მისთვის ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასულ ინტერვიუში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„თქვენ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებთ, ხოლო ოლიგარქ ივანიშვილს აცხადებთ ისტორიულ ფიგურად და ამბობთ, რომ მან ქვეყანას ომი აარიდა. სინამდვილეში ოლიგარქმა ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, მათ შორის თეატრს და იმ ხელოვანებს, რომელთა უმრავლესობაც თქვენ მიერ დაარსებული პრემია „დურუჯის“ ლაურეატია. ამ პრესტიჟული პრემიის მიღება საპატიო იყო ჩვენთვის, თქვენ კი დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელოვნებო პროცესის მხარდამჭერად წარმოგაჩენდათ, სწორედ იმ ხელოვნების, რომლის ავტორებსაც სასტიკად გაუსწორდნენ, უკანონოდ დააკავეს, დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით და შეულახეს ღირსება. ჩვენი ორი კოლეგა ახლაც პატიმრობაშია და განაჩენს ელოდება. მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა თქვენმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა პრემიას ყველა ღირსება. სამარცხვინოდ მიგვაჩნია რამე კავშირის ქონა ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას. ამიტომ საჭიროდ ვთვლით, უკან დაგიბრუნოთ ის ჯილდოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ნამუშევრებს მიანიჭეთ“, — ნათქვამია პრემია „დურუჯის“ ლაურეატების განცხადებაში.

პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია. ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილდოს, რომლის ეკვივალენტიც, განცხადებაზე ხელმომწერების ცნობით, ახლა გროვდება, გაფიცული კოლეგების დახმარების ფონდში გადასარიცხად.

„დურუჯის“ დაბრუნებული ქანდაკებები დღეს კომპანია „რედიქსის“ ოფისში მიიტანეს. სხვადასხვა დროს მიღებული პრემიები დააბრუნეს შემდეგმა ხელოვანებმა:

  • დავით გაბუნია
  • მიხეილ ჩარკვიანი
  • სანდრო ნიკოლაძე
  • გიორგი სურმავა
  • თორნიკე გოგრიჭიანი
  • დათა თავაძე
  • ნატუკა კახიძე
  • ალექს ჩიღვინაძე
  • თამთა მელაშვილი
  • ქეთა შათირიშვილი
  • დათო საყვარელიძე
  • ლაშა ბუღაძე
  • კახა კინწურაშვილი
  • თამრი ოხიკიანი
  • გეგა გაგნიძე
  • პაატა ციკოლია
  • ოთარ ქათამაძე
  • ნინო კასრაძე
  • ნანკა კალატოზიშვილი.
სრულად წაკითხვა