დღეს, 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძე გასული ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება სისასტიკისთვის.
„ტერორის ღამე, რომელიც მოაწყო ივანიშვილის რეჟიმმა, მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირეს უპრეცედენტო ძალა. სახალხო დამცველიც კი, რომელიც მათ ყველა ქმედებაზე თვალს ხუჭავდა, ვეღარ დამალა, იმდენად ცალსახა იყო ეს ტერორი. ახალგაზრდები მოაქციეს ალყაში, გასასვლელი არ მისცეს, ვინ ცდილობდა რუსთაველის მეტროსკენ გასვლას, ე.წ. დამჭერები დასდევდნენ და ის ხდებოდა, რომ მშობლებს შვილები გასტაცეს. ადამიანებს აკავებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დროშა ჰქონდათ, ან იმიტომ, რომ საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რეალობა, რაშიც ჩვენ ვართ. როდის ყოფილა საქართველოში რომ მსახიობებს იჭერდნენ, პროფესორ-მასწავლებლებს იჭერდნენ, როდის ყოფილა, რომ ახალგაზრდებს ასე მასობრივად იჭერდნენ და ფიზიკურად სცემდნენ და ძალადობდნენ. 100-ზე მეტია ადამიანი, რომელიც უსასტიკესი ცემის მსხვერპლია. ნიღბების უკან მყოფ ადამიანებს ვეუბნები – თქვენ გგონიათ, რომ ეგ ნიღაბი დაგიცავთ? იქ მყოფ რომელიმე პოლიციელს ჰგონია, რომ დაიცავს რამე? ყველანი აგებთ პასუხს ამ სისასტიკეზე, არამხოლოდ რეჟიმის ლიდერები, რომლებიც ასე სასტიკად იქცევიან, არამედ თქვენ ყველანი, ვინც ნიღბის უკან იმალებით. არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება. არის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები და ყველას აუცილებლად გამოვავლენ.
კიდევ ერთხელ მივმართავ შსს-ს წარმომადგენლებს, მაღალი თანამდებობის პირებს განსაკუთრებით, გაემიჯნეთ ამ ძალადობას. ეს რეჟიმი ახლა დგას მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ თქვენ უსიტყვოდ ასრულებთ მათ მითითებას ამ სისასტიკეზე. რატომ არის ეს სისასტიკე? – იმიტომ, რომ პროტესტი არ ჩერდება, ხალხი რუსთაველზე მოდის. რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ, ხალხი არ ჩერდება. კობახიძეს ვეკითხები, რომ იკრიჭები, შენი შვილი რომ იყოს ასეთ მდგომარეობაში და თქვენი ოჯახის წევრები, რას იზამდი?
მინდა, პოლიციელების და სპეცრაზმელების მშობლებს, ცოლებს, შვილებს მივმართო, ცოტა გამოაფხიზლეთ ეს ხალხი. გუშინ ვიდეოები ვნახეთ, ნარკოტიკულ საშუალებას როგორ იღებს კონკრეტული სპეცრაზმელი. ამ ქვეყანაში თქვენც ცხოვრობთ, თავი ხო უნდა გამოგეყოფოდეთ სადმე საერთოდ?
ამ ახალგაზრდების შემიძლია, დავარქვა ღირსების თაობა. დღეს, 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ. ვიყოთ ძალიან ბევრნი. „ქართული ოცნების“ დასრულების გზა არის საყოველთაო ერთიანობა, ერთსულოვნება და იმ დიდი საყოველთაო დაუმორჩილებლობის ნიშნულამდე მისვლა, როდესაც რეჟიმი საბოლოოდ ჩამოიშლება და უარს იტყვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ აქვე საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
„საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავ, გვიანდება უკვე სანქციები. ძალიან გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე. მივესალმები, რომ პრეზიდენტი წავიდა საფრანგეთში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დაჩქარდება ეს პროცესები“, – განაცხადა ვაშაძემ.