ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვრცელ, გულახდილ ინტერვიუში ვიკა ბუკიას გადაცემაში "ფილტრის გარეშე" საუბრობს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის დეტალებზე.
"ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი ძალიან მძაფრია და მათ შორის იმ ადამიანის გვარიც, ვისაც ჩემი წარსული უკავშირდებოდა. ეს არ ყოფილა პირობითად გაბიტაშვილი, რომელიც ხვალ შეიძლება არავის ახსოვდეს.
რადგან ჟურნალისტი ვიყავი, ვჩანდი, ასმაგად უფრო მთხოვენ და ბრაზდებიან ჩემზე...
ორივე პრობლემაა, ისიც, თუ ვისი ცოლი ვიყავი და ისიც, მე რასაც ვაკეთებდი. ოდიოზურია მისი გვარი და ლოგიკურია ეს დამოკიდებულება და მეორე მხრივ სამართლიანი მოთხოვნა და ბრაზი აქვთ, მთხოვენ წინა ხელისუფლების პირობებში როცა ვიჩაგრებოდი, შენ მე არ მიცავდიო... ამან როგორ უნდა გამაღიზიანოს. მე მაღიზიანებს წულუკიანი რომ მიკითხავს მორალს, წილოსანი, რომელიც არის ოლიგარქის შვილი და იყო ყველა ეტაპზე ყველა მთავრობის დროს და არ მსმენია მისი დახმარების შესახებ სხვა ადამიანების მიმართ.
- ის შენი ყოფილი ქმარია, არ გაღიზიანებს მაინც რომ მოგყვება შლეიფად?
- ის ჩემი ყოფილი მეუღლე წასულია სადღაც, ემიგრაციაში ცხოვრობს ბედნიერად, კარგს ჭამს, კარგს სვამს, არაფერი ადარდებს და მე ვიხდი მის ამბავს. ამაზე ადამიანური ბრაზი მაქვს მასზე, ოღონდ ხალხზე არა. გავიგე, რომ კარგად ცხოვრობ, მაგრამ მე რატომ ვიხდი ამას, მის წარსულზე მე მთხოვენ პასუხს. თან ჩვენ 2015 წლიდან დღემდე, ერთი წამით ერთმანეთთან პოზიტიური კომუნიკაცია არ გვქონია. 2015-დან დღემდე გვქონდა ორი ურთულესი კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ უკავშირდებოდა მის პირად არჩევანს. უკავშირდებოდა რაღაც ცვლილებებს ადამიანის ხასიათში. რაღაცას რომ აღმოაჩენ ისეთს, რაც აქამდე გააზრებული არ გქონდა, ეს პოლიტიკას არ უკავშირდება, ძალიან პირადია და საბამ უნდა იცოდეს, რომ მას ჰყავს ძალიან კარგი მამა, რომელსაც ის ძალიან უყვარს...
საბას როდესაც კითხვა დაუსვია მამაზე, პასუხიც მიუღია... იცის, რომ მამამისს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვენაში ჩააკითხა და შესთავაზა საპროცესო გარიგება, რის სანაცვლოდაც ვანო მერაბიშვილისთვის ხელი უნდა დაედო რაღაც საქმეებში, მაშინ ეთანამშრომლა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებთან, დღეს ირაკლი კოდუა, იქნებოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. იმიტომ რომ ეს პირობაც იყო ამ გარიგების შეთავაზებისას, ანუ მისი ჩვენებების სანაცვლოდ მოხდებოდა მისი აღდგენა და ქვეყანაში დაბრუნება.
ერთია მისი წარსული და მეორეა რატომ დაიწყეს მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა, მან უარი თქვა ასეთი ტიპის ჩვენებაზე და მერე დაიწყეს საქმეების აღძვრა" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.