დღეს პარლამენტში დაგეგმილი სხდომები გაუქმდა

2 weeks ago 10

დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შესაბამისად, გაუქმდა დღეს დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენაც.

ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო „საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა“.

მათივე განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების წითელი დონე დღეს 14 საათის შემდეგ გაუქმდება და მოქმედებას დაიწყებს ყვითელი დონე, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.


პირველ მაისს პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის მონაწილეები ნაწილი ამბობს, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ. მათ შორისაა, „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო. შსს რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

სრულად წაკითხვა