შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს კი ბრალდება წარედგინება.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ნაწილი მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. დასახელდა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძის სახელი.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ბრალდებულები მითითებებს სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდისგან იღებდნენ და მისი დავალებებით ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
უწყებაში გამართული ბრიფინგიდან დგინდება ისიც, რომ ფინანსურ დავებს მხარეები სწორედ ე.წ. ქურდული გარჩევებით აგვარებდნენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მკვლელობით ემუქრებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები და ტექნიკა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები.
მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ისინი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
პირველი იანვრიდან დღემდე, სამართალდამცველების მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 343 პირი, მათ შორის 8 ე.წ. კანონიერი ქურდია” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·