უწყება ირწმუნება, რომ პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მისამართით ისროლა, რითაც წყლის ჭავლის ავტომობილი დაზიანდა.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ამ მუხლით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე [ნივთის დაზიანება ან განადგურება] და 353-ე პრიმა მუხლებით [პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა], ამ დროისთვის, 5 პირია დაკავებული.
2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.