ეგოცენტრიზმი და სიკვდილის შიში, როგორც დაცემული ადამიანის თვისება - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

1 day ago 5

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქის, ილია მეორის 2025 წლის საშობაო ეპისტოლეს, რომელშიც შობის დღესასწაულის მნიშვნელობასთან ერთად, საუბარია ეგოცენტრიზმზე, რომელიც "დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს" და, ასევე სიკვდილის შიშზე, როგორც "დაცემული ადამიანის თვისებაზე".

ეპისტოლეში პატრიარქი ამბობს, რომ სიკვდილის შიში ცოდვებისგან მოდის, როდესაც ადამიანი "უფრთხის ღმერთთან შეხვედრას" და სულის განწმენდის ნაცვლად, თავს ათეიზმს აფარებს.

"დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ.

ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.

ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).

ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა ... ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების", - ვკითხულობთ პატრიარქის ეპისტოლეში.

მასში, ასევე საუბარია ადამიანის ბუნებაზე, ეგოიზმზე, როგორც დღევანდელობის პრობლემაზე. პატრიარქი ამბობს, რომ ამპარტავნება და ეგოიზმი უფლისგან განდგომილი ადამიანის "მკვეთრი" მახასიათებელია.

"ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში, თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, - ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა.

ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს.

ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.

ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.

ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა, - „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“...", - წერია ეპისტოლეში.

პატრიარქმა გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური საკითხები განიხილა 2024 წლის ეპისტოლეში. ილია მეორე მასში ვრცლად საუბრობდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და მისი არასწორად გამოყენების საფრთხეებზე. მან, ასევე მშვიდობა უსურვა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

საზეიმო ღვთისმსახურება სამების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

საშობაო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" მთავრობის წარმომადგენლები.

7 იანვარს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართება ალილოც.

სრულად წაკითხვა