„ევროვიზია 2026“ ვენაში გაიმართება

3 days ago 3

ავსტრიის ტელერადიოკომპანია ORF-მა ოთხშაბათს, 20 აგვისტოს, განაცხადა, რომ სიმღერის კონკურსი „ევროვიზია“ 2026 წელს ვენაში გაიმართება. ავსტრიის დედაქალაქმა კონკურსის მასპინძლობის ტიტულისთვის ინსბრუკს აჯობა.

ORF-ის გენერალურმა დირექტორმა როლანდ ვაისმანმა განაცხადა, რომ როგორც ვენამ, ასევე ინსბრუკმა ღონისძიებისთვის მიმზიდველი კონცეფციები წარმოადგინეს. „ფრთხილი ანალიზისა და ჟიურის ერთსულოვანი შეფასების საფუძველზე ORF-მა დაასკვნა, რომ ვენის წინადადება ყველაზე მიმზიდველია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც“, თქვა მან.

„ევროვიზიის“ 2026 წლის ნახევარფინალები 12 და 14 მაისს გაიმართება. ფინალს 16 მაისს უმასპინძლებს საკონცერტო დარბაზი Wiener Stadthalle.

ევროვიზიის დირექტორმა მარტინ გრინმა განაცხადა, რომ ვენის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური ქალაქის, რეპუტაცია და ევროპის გულში მისი მდებარეობა ავსტრიის დედაქალაქს იდეალურ ქალაქად აქცევს კონკურსის 70-ედ მასპინძლობისთვის. მენეჯერის თქმით, ევროპის მაუწყებლობის კავშირი, მედიაკომპანია ORF-თან და ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად ორგანიზებას გაუწევს სანახაობრივ ზეიმს, რომელიც მთელს მსოფლიოში პოვებს გამოძახილს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კულტურული ღონისძიებები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს საფულის ზომისგან დამოუკიდებლად“, განაცხადა ვენის მერმა მიხაელ ლუდვიგმა. „ჩვენ ერთად შესანიშნავ მაისს გავატარებთ“, დასძინა მან.

ევროვიზიის კონკურსს ტრადიციულად მასპინძლ წინა წელს გამარჯვებული ქვეყანა. 2025 წელს ავსტრიელმა შემსრულებელმა JJ-მ (იოჰანეს პიჩმა) შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით „Wasted Love“. 24 წლის მომღერლის პირველი ადგილი მოულოდნელი იყო, რადგან ფინური ტრიო KAJ, რომელიც შვედეთს წარმოადგენდა, მთელი კონკურსის განმავლობაში იყო ფავორიტი. ვენამ უკვე უმასპინძლა ევროვიზიას 1967 და 2015 წლებში, უდო იურგენსის და თომას ნოივირტის წარმატებების წყალობით. ეს უკანასკნელი უფრო ცნობილია კონჩიტა ვურსტის ფსევდონიმით.

სრულად წაკითხვა