WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროკომისიამ გააფრთხილა საქართველო, რომ ქვეყანა კვლავ კარგავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სარგებელს, ხოლო გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად შეჩერებულია“. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყანაში მიმდინარე „უკუსვლასა“ და დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზეა საუბარი.

4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშსა და კომუნიკაციაში საქართველო თურქეთის გვერდით არის მოხსენიებული დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის კონტექსტში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ დემოკრატიასთან დაკავშირებული წუხილების მოუგვარებლობა უვიზო რეჟიმსაც საფრთხეს უქმნის. ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი „შესაძლოა განახლდეს“, თუ ქვეყნის ხელისუფლება „კურსს შეიცვლის“.

„დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით არსებული ვითარების გამო, საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, კალასმა აღნიშნა, რომ „იანვარში ევროკავშირი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უფრო სიღრმისეულად განიხილავს საქართველოს საკითხს, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება საუკეთესო გზით დაეხმარონ ხალხს და მათ მისწრაფებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები“.

საქართველო „კვლავ კარგავს სარგებელს“

„საანგარიშო პერიოდში ფუნდამენტურ საკითხებში დაფიქსირებული უკუსვლა ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა და კვლავ კარგავს იმ სარგებელს, რაც კანდიდატის სტატუსსა და გაწევრიანებამდე პროცესს ახლავს თან“, — ნათქვამია ევროკომისიის 2026 წლის კომუნიკაციაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ.

„საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ძირის გამოთხრას. ის უტევს დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, ასევე ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაღრმავებას“, — ნათქვამია დოკუმენტში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ „სულ უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, სამოქალაქო სივრცე კიდევ უფრო მეტად და მძიმედ შეიზღუდა“.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციაშია განსაზღვრული. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „არ უპასუხია იმ შეშფოთებებზე, რომლებიც დემოკრატიისა და ფუნდამენტურ უფლებებს უკავშირდება“. სწორედ ამ შეშფოთებების გამო, მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდა, რაც, თავის მხრივ, „ზოგადად უვიზო რეჟიმსაც საფრთხის ქვეშ აყენებს“.

„ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელი რჩება; ასევე უცვლელია ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა „შეიძლება განახლდეს“, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი „და კვლავ ერთგული დარჩეს იმ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება ეფუძნება – ესენია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები“.

„შემდგომი უკუსვლა“

„საქართველოში ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით უკუსვლა გაგრძელდა, ხოლო გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია“, – ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტში.

შეფასების ფარგლებში, საქართველო თურქეთის გვერდით მოექცა, რომელიც 1999 წლიდან კანდიდატი ქვეყანაა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანაში „კიდევ უფრო გაუარესდა დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ასევე კანონის უზენაესობა“, და გაგრძელდა „ინსტიტუციური გარანტიების ლიკვიდაცია“.

თურქეთი და საქართველო ასევე დასახელდნენ იმ ორ ქვეყნად, სადაც „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულად შესუსტებულია“, სადაც ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოების განხორციელებისა და აღსრულების კუთხით მდგომარეობა „კვლავ უარესდება“, და სადაც ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო თუ ევროპული საზედამხედველო ორგანოების რეკომენდაციების აღსრულების მხრივ, გაუმჯობესება „განსაკუთრებით“ საჭიროა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, სერბეთსა და თურქეთთან ერთად, იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც „სახელმწიფოს მიტაცების“ რისკი „განსაკუთრებით“ მაღალია. გარდა ამისა, სერბეთი, საქართველო და თურქეთი ის სამი ქვეყანაა, სადაც, დოკუმენტის თანახმად, ჟურნალისტთა უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა „კიდევ უფრო გაუარესდა“.

„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში ფუნქციონირებს და მასზე შემზღუდავი კანონმდებლობა ვრცელდება, რაც აძლიერებს მსუსხავ ეფექტს“, – აღნიშნულია დოკუმენტში. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ჩატარდა პოლიტიკური და საარჩევნო თვალსაზრისით უკიდურესად არახელსაყრელ პირობებში, რაც მოიცავდა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და მათზე ზეწოლას“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობის ხარისხი „კიდევ უფრო შემცირდა“, მაშინ როდესაც ეკონომიკური ზრდა „ძლიერი დარჩა“ და 7,5% შეადგინა.

არანაირი რეკომენდაცია ფუნდამენტური პრინციპების მიღმა

საქართველოს შესახებ 90-გვერდიან გაფართოების ანგარიშში კომისიამ განაცხადა, რომ „უწყვეტი უკუსვლისა“ და 2023 წელს განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის „პრიორიტეტულად“ შესრულების აუცილებლობის გათვალისწინებით, ანგარიში „არ გასცემს რეკომენდაციებს“ იმ თავებზე, რომლებიც ფუნდამენტურ პრინციპებს სცდება.  

„დემოკრატიის მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში კვლავ გაუარესდა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზიის, ძალაუფლების კონცენტრაციის ზრდის, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების მიმართ რეპრესიების გამწვავების, სამოქალაქო სივრცის შემდგომი შემცირების, ასევე ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკისა და დეზინფორმაციის გამო“, – ნათქვამია ანგარიშში. „საკონსტიტუციო სარჩელის გზით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს“.

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ „არ გადადგა ნაბიჯები ზოგადი საარჩევნო ჩარჩოს რეფორმირებისთვის არსებული რეკომენდაციების შესაბამისად“, ხოლო 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა „ძალიან პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში, რამაც სერიოზულად შეარყია პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა“.

დოკუმენტში ასევე საუბარია „პოლიტიკური აქტივობისა და პოლიტიკური მონაწილეობის ახალ მკაცრ შეზღუდვებზე“, რომლებიც საანგარიშო პერიოდში იქნა მიღებული „პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით“.

„პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა და დემოკრატიული პლურალიზმი კიდევ უფრო გაუარესდა“, – ნათქვამია ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ლიდერების უმეტესობას „ან სისხლის სამართლის ბრალდებები აქვს წარდგენილი, ან დევნილობასა და პატიმრობაში იმყოფება“.

„მკვეთრად შეზღუდული“ ადამიანის უფლებები

ანგარიშის თანახმად, „ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა და შეილახა სულ უფრო რეპრესიული კანონების შედეგად, რომლებიც ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს – კერძოდ, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, ასევე თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ პრინციპებს“.

კომისიამ რამდენიმე მიმართულებით „გადაუდებელი ზომების“ მიღებისკენ მოუწოდა და მათ შორის დაასახელა „ყველა თვითნებურად დაკავებული პირის, მათ შორის პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების“ გათავისუფლება, ასევე იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც „ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს“.

ასეთ კანონებს შორის კომისიამ დაასახელა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი (2024 წლის კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ), „უცხოელი  აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (2025 წლის FARA), ასევე ცვლილებები კანონებში „გრანტების შესახებ“, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ამასთანავე, შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (2024 წლის ანტი-ლგბტ კანონები).

კომისიამ ასევე მოუწოდა, „საფუძვლიანად იქნას გამოძიებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემულნი“.

მედია და გამოხატვის თავისუფლება

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების კუთხით „უკუსვლა უკვე მესამე წელია გრძელდება“.

დოკუმენტში ხაზგასმულია „გადაუდებელი ზომების“ მიღების საჭიროება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჟურნალისტების უსაფრთხოება და განხორციელდეს „ოპერატიული, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი რეაგირება ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ მათი დაშინების ყველა შემთხვევაზე“. ასევე, საჭიროა პრესისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონების გაუქმება და მედიის წარმომადგენლებისა თუ ორგანიზაციებისთვის ისეთი „ღია, უსაფრთხო და პლურალისტური გარემოს“ შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება სამთავრობო ცენზურისგან, ანგარიშსწორებისგან, სამსახურიდან გათავისუფლებისა თუ სამართლებრივი დასჯისგან, გამოხატვის ნებისმიერი ფორმის, მათ შორის ონლაინ სივრცეში განხორციელებული ქმედებების შემთხვევაში“.

უვიზო რეჟიმის შეჩერება

2025 წლის დეკემბრის, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშზე დაყრდნობით, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ „საქართველომ ვერ შეასრულა წინა ანგარიშში მოცემული თითქმის ვერცერთი რეკომენდაცია“. კომისიის განცხადებით, „ადგილი ჰქონდა უკუსვლას, განსაკუთრებით მმართველობისა და კანონის უზენაესობის იმ საკვანძო კრიტერიუმების კუთხით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს“.

ანგარიშში ევროკომისია ასევე იხსენებს საქართველოს დელეგაციასთან ივნისში გამართულ შეხვედრას, სადაც უვიზო რეჟიმის ნაწილობრივი შეჩერების საკითხი განიხილებოდა. თუმცა, კომისიამ აღნიშნა, რომ გაძლიერებულმა დიალოგმა „არ გამოიღო შედეგი იმ რეკომენდაციების შესრულების კუთხით, რომლებიც უვიზო რეჟიმის შეჩერებას საფუძვლად დაედო“.

ანგარიშში საქართველოს მოუწოდებენ, „უზრუნველყოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება და გაითვალისწინოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე და მერვე ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციები“, ასევე „მოაგვაროს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნისა და თავშესაფრის შესახებ უსაფუძვლო განაცხადების წარდგენის საკითხები“.

თანხვედრა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში

გაფართოების ანგარიშის თანახმად, „საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არ ყოფილა პოლიტიკური დიალოგი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) საკითხებზე. ეს განპირობებული იყო ევროკავშირის მიერ პოლიტიკური კონტაქტების დონის შემცირებით, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული პროცესების სერიოზულ უკუსვლაზე რეაგირებას წარმოადგენდა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სანქციებთან დაკავშირებულ ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში კვლავ მცირდებოდა და დაბალ ნიშნულზე რჩება: 2026 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, ის 38%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 40% იყო“.

„საქართველო სრულად არ შეუერთდა რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს; ასევე, სრულად არ გაიზიარა ევროკავშირის განცხადებები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ირანს, რუსეთის მავნე კიბერეკოსისტემას ან ისრაელსა და ლიბანს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლიდან საქართველო არ მონაწილეობს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში განხორციელებულ მისიებსა და ოპერაციებში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ განვითარებულა“.

This post is also available in: English