WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები „მნიშვნელოვნად შეიზღუდა“ და რომ „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის“ ფონზე, ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტები და დიალოგი შემცირდა.

ევროკავშირის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ, რომელიც 11 აგვისტოს გამოქვეყნდა, ორ დოკუმენტს მოიცავს, რომელთაგან ერთი ცალკეულ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეა ფოკუსირებული. დოკუმენტი განიხილავს საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით განვითარებულ მოვლენებს, ასევე ევროკავშირის პოლიტიკის მდგომარეობას და ქვეყანასთან ორმხრივ კავშირებს.

„დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდება“, – ნათქვამია ანგარიშში. „საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები შემოიღო სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რაც სერიოზულად უთხრის ძირს დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესს, და ფაქტობრივად გააუქმა სამოქალაქო მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა“.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ისეთი მოვლენები, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების მიმართ „ფართოდ გავრცელებული“ არასათანადო მოპყრობა, დამნაშავეების მიმართ „დაუსჯელობის გარემო“, ასევე „სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების შესახებ არსებული წუხილები“ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაკავების, დაპატიმრებისა და გასამართლების კონტექსტში.

„ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა „რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად“ გამოიყენა 2025 წელს რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, და ნათქვამია, რომ „პოლიტიკური პლურალიზმი რისკის ქვეშ დადგა“ მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობის გამო.

„სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებები ეწინააღმდეგებოდა ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

This post is also available in: English