WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის დაფინანსებით განსახორციელებელი 38 მილიონი ევროს ღირებულების ახალი პროექტები დააანონსა. პროექტები მიზნად ისახავს სოფლის განვითარების, ბიზნესის, ქალთა გაძლიერებისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობას. ელჩი იმედოვნებს, რომ „მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად“, მათი ხელმოწერა წლის ბოლომდე მოხერხდება.  

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დავაანონსო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტები: 38 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები, რომლებზეც წლის ბოლომდე ხელმოწერის იმედი გვაქვს. ისინი მიმართულია სოფლის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის, ქალთა და გოგონათა გაძლიერებისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერისკენ – ანუ იმ ყველაფრისკენ, რასაც ევროკავშირი საქართველოსთვის უკვე 30 წელზე მეტია აკეთებს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ 10 ოქტომბერს, კახეთში „ევროპის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად“.  

მონაწილეებისთვის ქართულ ენაზე მიმართვისას ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობას და, ამავდროულად, აღიარა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გაუარესება.

„მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტი-ევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა, ვერ შეცვლის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. „წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას“.

This post is also available in: English