ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმს უჩერებს

1 month ago 11

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ 27 იანვარს გამართულ სხდომაზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელა და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში.

გადაწყვეტილება ერთსულოვნებას არ მოითხოვს და მის მისაღებად მხოლოდ 15 ქვეყნის ხმაც საკმარისი იყო. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა.

შეხვედრის წინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების გარდა, ბლოკის პირდაპირი ფინანსური დახმარება „ქართული ოცნების“ მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ გადამისამართდება.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ „ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ასევე ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას”.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება არის „რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს”.

„შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ – და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური  პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის”.

გადაწყვეტილების კომენტირებისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა: „დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დიპლომატებისთვის და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის, რომელთაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეწყვიტონ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები“. მან დასძინა: „ქართველი ხალხი თანმიმდევრულად და დაუღალავად გამოხატავს თავის ევროპულ მისწრაფებებს დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. ეს მისწრაფებები გაგონილ უნდა იქნას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა