ევროკავშირის ქვეყნები ევროპის საინვესტიციო ბანკს თავდაცვის სექტორის დაფინანსებისკენ მოუწოდებენ

3 hours ago 4

ევროკავშირის 19 წევრი სახელმწიფო, მათ შორის საფრანგეთი და გერმანია, ევროპის საინვესტიციო ბანკს მოუწოდებს გააღრმავოს სესხების გაცემა თავდაცვის მრეწველობისთვის - იმ ფონზე, როცა 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი ცდილობს გააუმჯობესოს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები, მომავალში რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმის მოგერიების მიზნით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი.

ერთობლივ წერილში გამოთქმული ეს მოწოდება წინ უსწრებს ორშაბათს დანიშნულ შეხვედრას, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა განიხილონ ბლოკის თავდაცვის სექტორის მომავალი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული მოთხოვნის ფონზე, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.

ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები ფლობენ, არ აქვს უფლება დააფინანსოს საბრძოლო მასალების, იარაღის ან საომარი აღჭურვილობის წარმოება. ამ აკრძალვის გაუქმებას მთავრობათა უმრავლესობის თანხმობა ესაჭიროება და რამდენიმე სახელმწიფო ამ საკითხს ყოყმანით ეკიდება.

თუმცა ბანკს უფლება აქვს, და გასცემს კიდეც სესხებს ორმაგი გამოყენების პროდუქციაზე, სამოქალაქო და სამხედრო სფეროებისთვის - იქნება ეს სატელიტები, დრონები, თუ სარადარო სისტემები.

ფინეთი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და შვედეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ბანკის ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში ამბობენ, რომ ბანკმა უნდა გადასინჯოს დაუშვებელი მოქმედებების სიას და განიხილოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება. წერილში, რომელსაც სააგენტო როიტერსი გაეცნო, ნათქვამია, რომ ეს უნდა მოხდეს ფინანსურ ბაზრებთან და სარეიტინგო სააგენტოებთან კონსულტაციის პარალელურად.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა - განსაკუთრებით ნეიტრალური სახელმწიფოები, როგორებიცაა ავსტრია, ირლანდია და მალტა - გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ თავდაცვის დაფინანსებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას EIB-ის საფინანსო რეიტინგს და, ამავდროულად, ვერც პრობლემა გადაჭრას - რომელიც, ამ სახელმწიფოთა აზრით, მდგომარეობს არა დაფინანსების ნაკლებობაში, არამედ გრძელვადიან კონტრაქტებში.

EIB-ის მიმართ გამოთქმული ერთობლივი მოწოდების კოორდინატორი ქვეყანაა ფინეთი - რომელსაც რუსეთთან 1340 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აქვს და რომელიც 2023 წელს გახდა ნატოს წევრი.

EIB წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს მრავალწევრიან საფინანსო ინსტიტუციას და სესხების გამცემს, რომლის ბალანსიც 500 მილიარდ ევროს აჭარბებს.

სრულად წაკითხვა