ევროკავშირის ქვეყნები: საქართველოს გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად ჩიხში შევიდა“

1 hour ago 2

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებულ და 26 წევრი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად ჩიხში შევიდა“ და მოუწოდა თბილისს, გაათავისუფლოს „ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი“ და „დაუყოვნებლივ“ შეასრულოს უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმები.

დოკუმენტში, რომელიც 16 დეკემბერს დანიის თავმჯდომარეობის პირობებში ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ იქნა მიღებული, აღნიშნულია, რომ ის გამოქვეყნდა, როგორც „თავმჯდომარეობის მიერ გამოტანილი დასკვნები“ მას შემდეგ, რაც „ერთმა დელეგაციამ არ დაუჭირა მხარი“ საბჭოს დასკვნების პროექტის ტექსტს განხილვის დროს. მედიის ცნობით, დასკვნების მიღებას ვეტო უნგრეთის დელეგაციამ დაადო.

„საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა“, – ნათქვამია დოკუმენტში. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა მანამ, სანამ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება“.

დოკუმენტის თანახმად, საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ“.

საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა „ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროვება“.

„საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებას და ამ პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოუწოდებს თბილისს „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წინააღმდეგ – როგორც პირველი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე ჩართულობის განსაახლებლად“.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, საბჭო სინანულით აღნიშნავს „საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშის რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეს რეკომენდაციები შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს“.

„საბჭოს კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში“, – აცხადებს საბჭო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა