ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა

6 days ago 4

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცეს. სიაში შედის 54 ადამიანი და 30 ორგანიზაცია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან.

შემაკავებელი ზომები მიმართულია „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომელთა წყალობითაც რუსეთი გვერდს უვლის ნავთობის „ფასის ჭერს“. ასევე სანქციების სამიზნეა და ნავთობის სავაჭრო კომპანიები და მათთან დაკავშირებული გადამზიდები.

სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ მორდოვეთის ხელმძღვანელი არტიომ ზდუნოვი, მომღერალი ლარისა დოლინა, რუსი სამხედროები, გაზპრომის თანამშრომლები, ჩინელი ბიზნესმენები, ასევე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალი - კსდრ-ის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე კიმ იონ ბოკი და თავდაცვის მინისტრი ნო კვანგ ჩოლი.

ზდუნოვს ბრალი ედება უკრაინიდან ბავშვების გაყვანასა და უკვე სანქციების ქვეშ მყოფ „პირველთა მოძრაობასთან“ კავშირში, დოლინას კი პროპაგანდისტულ საქმიანობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ოფიცერი კიმ იონ ბოკი, ევროკავშირის ცნობით, რუსეთში იმყოფება და აკონტროლებს კსდრ-ის კონტინგენტის განლაგებას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

შეზღუდვები გავრცელდა ასევე რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია „პიკზე“ და მის მთავარ აქციონერ სერგეი გორდეევზე. მათ ბრალად ედებათ რუსეთის არმიისა და უკრაინაში მოქმედი კერძო სამხედრო კომპანიების მოხალისეების დაფინანსება და გაწვევა. „პიკისა“ და გორდეევის წინააღმდეგ აშშ-ს უკვე დაწესებული აქვს სანქციები.

სანქციების სიაშია ასევე საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს.

ევროკავშირი მისი სანქცირების გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითებს, რომ იგი „პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროპის კავშირში“.

სანქციები ეხება პირებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან რუ­სე­თის ჰიბ­რი­დულ ოპე­რა­ცი­ებ­სა და საინფორმაციო მა­ნი­პუ­ლაციებში.

ევროკავშირის თანახმად, ავიაკომპანია Utair რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დახმარებას უწევდა სამხედრო პერსონალის საბრძოლო ზონაში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანასთან დაკავშირებით. შემზღუდველ სიაში ასევე მოხვდა დრონ „უპირის“ მწარმოებელი კომპანია „ურალდრონზავოდი“.

გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები კონტინენტური ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები. მათ ბრალი ედებათ ძრავების მიწოდებაში რუსული დრონებისთვის „გარპი-3“, ასევე ირანული დრონების, „შაჰედ-136-ის“ ძრავის კონსტრუქციის გაუმჯობესებაში ევროკავშირის მიერ ადრე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით.

სრულად წაკითხვა