ევროკავშირმა სომხეთს 34 მლნ ევრო დაუმტკიცა რუსეთის სანქციების გავლენის შესამცირებლად

1 hour ago 1

ევროკავშირმა, დაუყოვნებლივი მხარდაჭერის სახით, სომხეთის 34 მილიონი ევრო გადაურიცხა, რათა ქვეყნის კერძო სექტორს რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გავლენის შემცირებაში დაეხმაროს.

ევროკომისია აცხადებს, რომ პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრიდან სულ რაღაც ორ კვირაში, ევროკავშირმა ოპერატიულად შეასრულა სომხეთისა და მისი ხალხის მხარდაჭერის შესახებ აღებული ვალდებულებები.

„ეს ფინანსური დახმარება წარმოადგენს პირველ ტრანშს იმ ფართო პაკეტიდან, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. პაკეტი ასევე მოიცავს ვაჭრობის ხელშეწყობისა და სოლიდარობის ზომებს სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად. გასულ თვეში ევროკავშირი-სომხეთის სამიტზე მიღებულ ვალდებულებებზე დაყრდნობით, ევროკავშირი და სომხეთი გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ბიზნესკავშირების გასამყარებლად და სომეხი მწარმოებლებისთვის ბაზარზე წვდომის გასაფართოებლად. სავაჭრო ინიციატივების, ბიზნეს-ფორუმებისა და მიზნობრივი საბაზრო ინიციატივების მეშვეობით, დამატებითი მხარდაჭერა გაეწევა სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქტების, ყვავილების წარმოებისა და სხვა ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებს“, — ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, 5 ივლისს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სომხეთს ეწვევა, რათა „მხარდაჭერის პაკეტის იმპლემენტაციას შეუწყოს ხელი და განიხილოს შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირი-სომხეთის თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.

12 ივნისიდან რუსეთმა შეზღუდა სომხეთიდან ყველა საკარანტინო პროდუქციის იმპორტი, ასევე რუსეთის ტერიტორიის გავლით მის ტრანზიტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში.

მიუხედავად როსსელხოზნადზორის მტკიცებისა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება, სომხური პროდუქციის ხარისხის დაწუნება და იმპორტის შეზღუდვა სწორედ რუსეთსა და სომხეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაიწყო. მოსკოვს მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური გამწვავების ფონზე არაერთხელ გამოუყენებია.

სრულად წაკითხვა