ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება დაამტკიცეს.
„ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. ოფიციალური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც ძირს უთხრის ამ ღირებულებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ევროკავშირში შესვლაზე გამარტივებული წვდომით“, — განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაშ სიმონიაკმა.
იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც აღადგინა სავიზო მოთხოვნები, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე აღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, გადაწყვეტილება, რომლის წინააღმდეგად უნგრეთმა და სლოვაკეთმა მისცეს ხმა, უახლოეს დღეებში შევა ძალაში.
ბრიუსელში დღეს გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, სადაც საქართველოს საკითხუც განიხილეს. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში მიმდინარე რეპრესიების გამო.
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული სიტუაციით და ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორც ეუთოს თავმჯდომარემ. ეუთო-მ ODIHR-ის მეშვეობით გასულ წელს გამოსცა ანგარიში არჩევნების შესახებ და ასევე, რეკომენდაციებით ახალი არჩევნებისთვის. უპირველეს ყოვლისა ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რადგან ეს არ არის მისაღები ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში და მეორე, რა თქმა უნდა, რომ თუ გსურთ დარჩეთ სანდო დემოკრატიად, მაშინ უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად ისეთი არჩევნების ორგანიზებით, რომელიც ნამდვილად ითვალისწინებს ხალხის ჭეშმარიტ აზრს“, — განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კესტუტის ბადრისის თქმით, საქართველოში კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად, ახალი არჩევნების ჩატარებაა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატია მარცხდება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი. ქართველებს სურთ ევროპული მომავალი, 50 დღეზე მეტია ქუჩაში, ხალხი ქუჩაშია, რაც ჩვენს მხარესაც აკისრებს პასუხის მოვალეობას. გავიხსენეთ ევროკავშირის ბოლო საგარეო საქმეთა საბჭო, როდესაც ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსი უფრო ძლიერი გზავნილით და უფრო ძლიერი შემზღუდველი ზომებით გამოვსულიყავით, როგორც ეს ლიეტუვაში გავაკეთეთ“, — თქვა ბადრისმა.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში ჟურნალისტების გამო“, — თქვა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის მზია ამაღლობელის პატიმრობისა და შიმშილობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„სწორედ ამიტომ, ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე გამოვყავით დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც თავისუფალი დემონსტრაციების რეპრესიების დროს დააკავეს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სურს საქართველოს ევროპულ გზაზე მუშაობა და საკმაოდ კრიტიკულები ვართ არჩევნების მიმართ“, — განაცხადა ველდკამპმა.
მისი თქმით, ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე საქართველოში და დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ესტონეთი კი საქართველოსთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის სრულად გაუქმების საკითხს აყენებს.
„საქართველოში კარგი ვითარება არ არის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი რამ, რასაც ესტონეთი სთავაზობს, არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. არ ვსაუბრობ ხვალვე გაუქმებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, რათა გავაგზავნოთ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, ატყუებს თავის ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი. ჩვენ არ გვჯერა იმის, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება“, — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა-ფასილიტაციის შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად.