ევროკომისია საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით გამოდის

1 week ago 3

ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, რომ შეჩერდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილი ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახებისთვის. თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, იმ პირებს, რომელთაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ვადით ვიზა დასჭირდებათ. შედეგად, მათ აღარ ექნებათ წვდომა ვიზის გამარტივების ისეთ პირობებზე, როგორიცაა განაცხადის განხილვის მოკლე ვადები, დაბალი საფასური და ნაკლები თანდართული დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნა. ამავდროულად, ჩვეულებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისას. გადაწყვეტილება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებული წუხილების, მათ შორის მშვიდობოანი მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ძალადობრივი დარბევების ფონზე იქნა მიღებული.

„ეს წინადადება არის პასუხი ძალადობრივ რეპრესიებზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას 2028 წლამდე აღარ შეეცდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიამ ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, მათ შორის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და ანტი-ლგბტ კანონი, და განაცხადა, რომ ისინი „ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს“.

ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები „საქართველოში დემოკრატიის მნიშვნელოვან უკუსვლაზე“ საპასუხოდ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივნისში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ მიმდინარე მოქმედებების კურსი იწვევდა გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას. თუ საბჭო ამ წინადადებას დაამტკიცებს და როდესაც ის ძალაში შევა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ, შესაბამისი ზომები მიიღონ. „ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი თანამშრომლობის პრინციპთან შესაბამისობაში, მათ მოუწევთ სავიზო მოთხოვნების დაწესება საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის და ამ ზომების შესახებ სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის და კომისიისთვის შეტყობინება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა