WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროკომისიამ დღეს, 24 აგვისტოს დაამტკიცა უკრაინისთვის 6,1 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი თავდაცვითი შესყიდვები, რაც ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილია. აღნიშნული სახსრები საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარების შესაძენად გამოიყენება.

ევროკომისიის მიერ ახალი შესყიდვების დამტკიცება ავსებს მანამდე დამტკიცებულ 16 მილიარდი ევროს გეგმებს, საიდანაც 8,35 მილიარდი ევრო უკრაინას უკვე გამოეყო 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტის თავდაცვითი კომპონენტის ფარგლებში.

“უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა შეურყეველი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6,1 მილიარდი ევრო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. ვინაიდან რუსეთი აძლიერებს შეტევებს, ჩვენ ვზრდით ძალისხმევას, რათა უკრაინას დავეხმაროთ საკუთარი ხალხის დაცვასა და ცის დაფარვაში. ევროპა უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ მივაწვდით მას იმას, რაც სჭირდება, მაშინ, როდესაც დასჭირდება”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შესყიდვების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებიდან განხორციელდება. რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული დრონების გამოყენების გაზრდის გათვალისწინებით, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირიდან მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობას არსებული მარაგების გამოყენების, შეკვეთების პრიორიტეტების შეცვლისა და წარმოების გაფართოების გზით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2026 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით 20 მილიარდი ევროს გადახდას გეგმავს, ხოლო ახალი ტრანშები, შესაძლოა, უახლოეს კვირებში გამოიყოს.

30 ივლისს ევროკომისიამ უკრაინას კიდევ 3,47 მილიარდი ევრო გადაურიცხა 90-მილიარდიანი სესხის თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში.

30 ივლისს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ცვლილებები „უკრაინის ინსტრუმენტში“, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს 2026 წელს მიიღოს 8,3 მილიარდი ევრო საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად.