ევროკომისიის ანგარიში: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან ასაცილებლად გადაუდებელი ნაბიჯებია საჭირო

2 weeks ago 6

ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში 7 დეკემბერს ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის წარსადგენად გამოქვეყნებულ მეშვიდე ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, განიხილება ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების საკითხი გარკვეული კატეგორიის პირებისთვის და რომ „საქართველომ გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, რათა თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება.

კრიტერიუმების შესრულება

ანგარიშში განხილულია ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის კონტექსტში არსებული სხვადასხვა კრიტერიუმები, როგორიცაა სავიზო პოლიტიკის შესაბამოსობაში მოყვანა, დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის მინიჭება, არალეგალური მიგრაციის ტენდენციების მონიტორინგი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

მართალია ანგარიში აღნიშნავს ისეთი ტექნიკური კრიტერიუმების შესრულებას, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება და საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის მინიჭება, ის კრიტიკულია ისეთი სფეროების მიმართ, როგორიცაა სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაშორება გაიზარდა. საქართველო ამტკიცებს, რომ ვინაიდან მას ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ნაკლებობა ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს არ წარმოადგენს. თუმცა, კომისია იხსენებს, რომ სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სამეზობლოში ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ამიტომ, სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის საკითხში ევროკომისია საქართველოს მხრიდან პროგრესს ელის“.

კიდევ უფრო კრიტიკულია ანგარიშის შეფასება საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმის მიმართ, სადაც ნათქვამია, რომ „საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომლის გამოყენებაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს“. ანგარიშში მოყვანილია 2024 წლის მაისში მიღებილი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე 2024 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, და ნათქვამია, რომ ეს კანონები „ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო ბაზას“ და „არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის განხორციელების 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა შეზღუდული კონსულტაციების პროცესის შემდეგ იქნა მიღებული და არ შეიცავს დებულებებს ლგბტიქ პირებთან და პირადი ცხოვრების დაცვასთან დაკავშირებით; ამასთან, ის მხოლოდ ნაწილობრივ მოიცავს რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საკითხს. ევროკომისია აღნიშნავს, რომ „კვლავ გადასაჭრელია მნიშვნელოვანი ხარვეზები სტრატეგიულ ჩარჩოში უმცირესობების უფლებების დაცვასთან, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით“.

ანგარიშში აღნიშნულია ევროპული საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

კომისია ამბობს, რომ ის „ყურადღებით დააკვირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შესრულებას იმის გათვალისწინებით, რომ „ძირითადი უფლებების დაცვა, მათ შორის ეფექტური განხორციელება და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა არის კონკრეტული მოთხოვნები, რის საფუძველზეც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიენიჭა“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობასთან, მიუკერძოებლობასთან და უფლებამოსილებთან დაკავშირებით კვლავ შესრულებელი რჩება“.

ევროკომისიის რეკომენდაციები:

ანგარიშის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვები გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებაზე.

ევროკომისიის თქმით, ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესასრულებლად და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ უნდა გადადგას შემდგომი გადაუდებელი ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

ეს ნაბიჯებია:

  • უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. რეკომენდაცია კონკრეტულად ეხება უცხოელი აგენტებისა და ანტი- ლგბტ კანონებს;
  • არ მიიღოს ან გააუქმოს ისეთი კანონმდებლობა, რომელმაც შესაძლოა ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციასთან ბრძოლის პრინციპს და არ შეესაბამებოდეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს;
  • საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან;
  • შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ამოღების მიმართულებით;
  • მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათ განსახორციელებლად და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნასა და განხილვას.
  • ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ის, რაც ეხება ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა