ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების საკითხებში საქართველოს სტუმრობს

7 months ago 9

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 1 მაისს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალური დირექტორი კოოპმანი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე–პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში.

Just arrived in Tbilisi.

Looking forward to meeting with President, Government, Parliament & civil society. Georgians worked hard to get candidate status.

Current challenges need to be tackled and we are here to help to address them. pic.twitter.com/mDpciOmBSt

— Gert Jan Koopman (@GertJanEU) May 1, 2024

შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურმა დირექტორმა გერტ იან კოოპმანმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც „დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება“. „ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი“.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც „შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ხერტ იან კოოპმანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „უკიდურესად შეშფოთებულია“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზის თანახმად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. მისი თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“.

მასალა განახლდება…  

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა