ევროპარლამენტარები: დაუწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილს

2 weeks ago 5

1

5 დეკემბერს მოწინავე ევროპარლამენტარებმა “საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციასა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან” დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის მხრიდან რეპრესიების ესკალაციას დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას. ოპონენტების დაკავება და ოფისების ჩხრეკა ავტორიტარული რეჟიმების ხელსაწყოების ყუთის ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებების მქონე ქვეყანაში. ქართული ოცნება პირდაპირაა პასუხისმგებელი უწყვეტ დემოკრატიულ უკუსვლასა და ქვეყნის ევროპული გზიდან მკვეთრ გადახვევაზე, ხალხის დიდი უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. მიმდინარე გამოსვლები ქვეყანაში ლეგიტიმური გამოხატვაა ფართოდ გავრცელებული წუხილის, ამჟამინდელი მმართველობის ქვეშ საქართველოს მომავლის შესახებ.

მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პირადი სანქციები ქართული ოცნების იმ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო დარღვევების ცნობებსა და შემდგომ ქუჩებში გამოსულ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელი. ამასთანავე, ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირია რეპრესიების ტალღასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.

საქართველოს სჭირდება, გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება , ყურადღებიანი საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რაც უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს.

ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც რჩება საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მცველად. ევროპული პარლამენტი დგას მამაცი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით.

წერენ ერთობლივ განცხადებაში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე.

სრულად წაკითხვა