ევროპარლამენტარები საქართველოში არჩევნების გაყალბებისა და პროტესტის ჩახშობის გამო სასწრაფო ზომების მიღებას ითხოვენ

4 days ago 2

ევროპარლამენტში 17 დეკემბერს საქართველოს შესახებ დებატებისას, ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე ისაუბრეს და გააფრთხილეს, რომ ქვეყანა იხრება „ბელარუსული სტილის ავტორიტარული რეჟიმისკენ კრემლის ჩრდილში“. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ განახორციელოს „რეალური სანქციები“ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე.

დებატები განაპირობა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, რასაც წინ უძღოდა გაყალბებული არჩევნები, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ და ძალადობრივი რეპრესიები. „ქართული დემონსტრაციები მიმდინარეობს ლოზუნგით „გაიღვიძე საქართველო“. მე ვიტყოდი, „გაიღვიძე ევროპა“, “ – განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგორჟატა გოსიევსკამ და ევროკავშირის მოქმედების გადაუდებლობას გაუსვა ხაზი. „ქალბატონი კალას, რას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე [პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ოფიციალურად დასრულებამდე]? რას ელოდებით? სისხლი რომ დაიღვაროს? პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომ დააპატიმრონ, როგორც ეს პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში გააკეთეს? თქვენ თქვით, რომ დასასანქცირებელ პირთა  სია უკვე მზადაა. მაშინ გააკეთეთ ეს. ეს მაინც გააკეთეთ!”

მოქმედებისკენ მოწოდებას სხვა ევროპარლამენტარებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მტკიცე რეაგირების მნიშვნელობას, რათა არ დაუშვან რომ რუსეთის გავლენამ რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა და მისმა მარიონეტებმა ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა მოიგონ“, – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარი რეინიერ ვან ლანსხოტი საქართველოს ლიდერებისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა: „დაუწესეთ სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებს; მათ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე აინტერესებთ. დააფინანსეთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის დამცველები და მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს, ხალხის პრეზიდენტს და ლეგიტიმურ ლიდერს“.

დებატების დროს ევროპარლამენტარებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებას ადასტურებენ. „საქართველოს მომავალი ევროპულია“ და ევროკავშირი მტკიცედ უნდა დადგეს თავის მხარდაჭერაში, აღნიშნეს მათ და დასძინეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ქმედებებისთვის პასუხს აგებს.

დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 დეკემბერს, რამდენიმე ევროპარლამენტარი ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს სტუმრობდა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და რეპრესიები ასევე განიხილეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 16 დეკემბრის სხდომაზე, სადაც მინისტრებმა სანქციების შესახებ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს ერთსულოვნების არარსებობის გამო. თუმცა, საბჭომ დაავალა ევროკომისიას მოამზადოს დოკუმენტი დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველი ჩინოვნიკებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია კვლავაც იქნება ევროკავშირის ინსტიტუტების განხილვის საგანი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა