ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს სთავაზობს კრიზისიდან გამოსვლის გეგმას

3 weeks ago 12

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს, რომ საქართველოს კრიზისშია და ამ ვითარებიდან გამოსასვლელ გეგმად მას ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა და ტექიკური მთავრობის შექმნა მიაჩნია.

სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი), ევროპარლამენტარი წერს, რომ მას, როგორც ადამიანს, ვისაც სწამს ევროპული ღირებულებებისა და როგორც დემოკრატიული საქართველოს მეგობარს, არ შეუძლია ჩუმად ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

მისი სიტყვებით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა, ერთადერთმა ოლიგარქმა საქართველოში, რომელმაც მოახერხა საქართველოს დაპყრობა, ღრმა პოლიტიკური კრიზისი შექმნეს“ და ეს კრიზისი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, იმიტომ შეიქმნა, რომ მათ უღალატეს საქართველოს ევროპულ გზას, რაც ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი.

მისი აზრით, ეს ყველაფერი კეთდება ან შეგნებულად, ან სისულელით. კრემლი ბედნიერია“.

ევროპარამენტარი შენიშნავს, რომ ახლა:

„ყველაზე პასუხისმგებლიანმა ქართველმა, თუნდაც მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიაში, ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მეგობრებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ამ კრიზისიდან გამოსვლის პოლიტიკური გამოსავლის შესახებ“.

რასა იუკნევიჩიენე იქვე კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი გეგმასაც გვთავაზობს და წერს, რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯები ახლა:

  • საქართველოს ხელისუფლების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობის შეჩერების შესახებ;
  • პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა;
  • დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა. პროცესს უხელმძღვანელებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;
  • ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება.
  • დაუყოვნებლივი ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე.
  • ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება სამ თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც მოეწყობა საერთაშორისო თანამეგობრობის დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით.
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკური მზადება.

და ბოლოს, რასა იუკნევიჩიენე, საჭიროა, საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ დახმარების გაწევა მოლაპარაკებებში და საქართველოს პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის შეთანხმების მიღწევა საქართველოში საშიში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის შესახებ.

უკვე მესამე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, რადგან მათ 28 ნოემბერს განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ იქნებიან ევროკავშირთან მოლაპრაკების გახსნის ინიციატორი.

მხოლოდ პირველ-ორ ღამეს პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. 30 ოქტომბრისა და 1 დეკემბრის ღამეს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეების ქმედებების გამო დაშავდა მათი 42 თანამშრომელი. აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას.

სრულად წაკითხვა