ევროპარლამენტმა 19 ივნისს რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოითხოვს მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ და უპირობო“ გათავისუფლებას, მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნას და გმობს ჟურნალისტის „პოლიტიკურად მოტივირებულ“ დაპატიმრებას და სისხლისსამართლებრივ დევნას.
რეზოლუცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეჟიმს“ უწოდებს, მკაცრად გმობს მის „სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე“.
რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხება, „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და ძალადობის, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება“.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაუყონებლივ გაათავისუფლოს ყველა „პოლიტპატიმარი“ და „უკანონოდ დაკავებული პირი“.
რეზოლუციაში სინანულია გამოთქმული ევროპის საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის „მუდმივ უმოქმედობასთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას ორმხრივი სანქციების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც „დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი“.
რეზოლუციაში ცვლილება შევიდა და მას დაემატა პუნქტი, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის გამო.
This post is also available in: English