ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკულ ანგარიშს მხარი დაუჭირა

59 minutes ago 1

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 5 მაისს მხარი დაუჭირა კრიტიკულ ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელიც, თბილისის შეფასებით, „სრულიად აცდენილია რეალობას“.

ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშზე დაფუძნებული დოკუმენტი 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღეს, ორმა წევრმა კი თავი შეიკავა. ლიეტუველი ევროპარლამენტარის  რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიში პირველად თებერვალში განიხილეს და როგორც მოსალოდნელია, პლენარულ სხდომაზე მომდევნო თვეებში ეყრება კენჭი.

ანგარიში, მისი განმარტებითი ბარათის თანახმად, ყურადღებას ამახვილებს ევროპარლამენტის „ძირითად შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით“. მასში ნათქვამია, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაყენებული ცხრავე პრიორიტეტის შესრულებაში უკუსვლა შეინიშნება. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ევროკავშირის, მისი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიაში“, „მანიპულაციური ნარატივების, დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების“ გამოყენებით.

ანგარიშში ასევე საუბარია „სულ უფრო რეპრესიულ კანონმდებლობაზე“, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც აფართოებენ მის მოქმედების არეალს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს  მთავრობის თანხმობის გარეშე დაფინანსების მიღებაზე. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და თანამდებობის პირების, მათ შორის პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კენჭისყრიდან რამდენიმე საათში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გააკრიტიკა ანგარიში, როგორც „რეალობას სრულიად აცდენილი“ და განაცხადა, რომ ის „ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, რითაც ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში“. უწყების თქმით, „შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა