WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა 445 ხმით მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების“ შესახებ. დოკუმენტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის „დაუყოვნებლივ გამოტანას“ ითხოვს და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ „მიზნობრივი სანქციების“ დაწესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს ასახელებს იმ პირებს შორის, რომელთა მიმართაც მიზნობრივი სანქციები და სავიზო შეზღუდვები უნდა ამოქმედდეს.   

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით. აპრილში სარჩელს პარტია „ფედერალისტები“, ხოლო 2026 წლის სექტემბერში — პარტია „საქართველოსთვის“ დაემატა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროცესები „ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრას“ უტოლდება და უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა „საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გარდაქმნა პოლიტიკური პლურალიზმის მოსპობის გზით“. დოკუმენტის თანახმად, ეს მიდგომა რუსეთისა და ბელარუსის მოდელს იმეორებს და „კრემლის მიზანს ემსახურება, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის მიღმა დატოვოს“.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვითარება „თანდათან უარესდება“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების გამო ადგილი აქვს უკუსვლას დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. ეს ქმედებები, რეზოლუციის თანახმად, სულ უფრო მეტად „შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან“, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან.

ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეები დაინიშნა და აცხადებს, რომ ეს დანიშვნები „სერიოზულ ეჭვებს ბადებს პროცესებში მათი დამოუკიდებლობის თაობაზე“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „დააპატიმრეს არაერთი ჟურნალისტი, რომლებიც მთავრობის მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს აშუქებდნენ“. დოკუმენტში ასევე საუბარია ორი გერმანული ფონდის – კონრად ადენაუერის ფონდისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის – თბილისის ოფისების დახურვაზე და აღნიშნულია, რომ მათ „სექტემბერში მოუწიათ თბილისის ოფისების დახურვა“ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მათი განაცხადები პროექტების დაფინანსებაზე „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე არ დააკმაყოფილა.

რეზოლუცია „მკაცრად გმობს“ საქართველოს ოპოზიციური პარტიების „კანონგარეშედ გამოცხადების“ მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის „დაუყოვნებლივ გაწვევას“ მოითხოვს. მასში ხაზგასმულია, რომ „მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის შეუცვლელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზით აღმოფხვრა შეუთავსებელია დემოკრატიასთან“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს“ ყველა “პოლიტპატიმარი”, მათ შორის ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და ნიკა მელია, ასევე ყველა ის პირი, რომლებიც „მშვიდობიანი პროტესტის გამო დააკავეს“.

ამასთან, რეზოლუცია მოითხოვს „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების („საბოტაჟის“ საქმეზე) მოხსნას“ და იმ დებულებების გაუქმებას, რომლებიც „არაპროპორციული შეზღუდვების დაწესების საშუალებას იძლევა აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პარტიებისა და პირების მიმართ“.

რეზოლუცია გმობს „კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად“ და მოუწოდებს, რომ დასრულდეს „ევროპული პოლიტიკური ფონდების საქმიანობისთვის ხელის შეშლა“.

ევროპარლამენტი ადასტურებს „თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“ და იმეორებს თავის წინა გაფრთხილებებს, რომ „დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს“.

რეზოლუცია ავალებს ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს, დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელსა და ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და „საქართველოს თვითდანიშნულ ხელისუფლებას“ გადაუგზავნოს.

This post is also available in: English