საქართველოს პროკურატურის ცნობით, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვის ჩართულობით ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. შედეგად, დაკავებულია ოთხი პირი.
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ღონისძიების ფარგლებში ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინებისა და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილები გაჩხრიკეს. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული ფრანგულენოვანი წიგნი.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორის ძვირადღირებულ წიგნებს.
ამისათვის ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.
წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ ჩაანაცვლებდნენ ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით”, — აცხადებს პროკურატურა.
საგამოძიებო ორგანოსვე ინფორმაციით, ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2022-23 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს კანონით დადგენილ ვადაში.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
ევროპული ბიბლიოთეკებიდან ძვირფასი წიგნების მოპარვის სქემაში ქართველების მონაწილეობაზე ინფორმაცია შვეიცარიულმა ტელეარხმა 2024 წლის იანვარში გაავრცელა.
მედია: ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ძარცვაში ქართველები არიან ეჭვმიტანილები