ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის კომიტეტმა (CPT) თავის 34-ე გენერალურ ანგარიშში, რომელიც 2024 წლის საქმიანობას მოიცავს, სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს ციხეებში არსებული პირობებისა და ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე. საქართველოში პერიოდული ვიზიტების დროს CPT-მა პოლიციის პატიმრობაში მყოფი პირების, მათ შორის, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებისა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მყოფი პირების მიმართ მოპყრობისა და მათი პირობების საკითხი შეისწავლა. საქართველო ერთ-ერთია იმ ცხრა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას შორის, სადაც „პატიმართა თანამედროვე არაფორმალური იერარქია“ კვლავ გავლენას ახდენს პენიტენციურ სისტემაზე.
კომიტეტმა აღნიშნა, რომ ამ სტრუქტურის ისტორიული ფესვები მეფის რუსეთიდან მოდის და საბჭოთა პერიოდში პატიმრებისთვის ციხის მართვის გადაცემის პოლიტიკის შედეგად გაძლიერდა. ამგვარი იერარქიები ხშირად დიდი ტევადობის ციხეებშია, რომლებიც ხელს უწყობენ „კრიმინალურ ორგანიზებულ სტრუქტურებს“ და „ზრდის დაშინებისა და ძალადობის რისკს“.
ანგარიში აღნიშნავს, რომ „არასაკმარისი ნაბიჯებია გადადგმული პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენის აღმოსაფხვრელად“ და აფრთხილებს, რომ „თუკი არ მოხდება პატიმართა არაფორმალური იერარქიის აღმოფხვრა, არა მხოლოდ მოწყვლადი პატიმრები აღმოჩნდებიან ძალადობისა და ექსპლუატაციის რეალური საფრთხის წინაშე, არამედ შესაბამისი სახელმწიფოები ფაქტობრივად უფლებას მისცემენ პატიმრების ლიდერებს გააგრძელონ თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა ციხის კედლებში“.
გარდა ამისა, CPT შეშფოთებას გამოხატავს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის თაობაზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კომიტეტი აცხადებს, რომ „ზედმეტად დიდი აქცენტი კეთდება ფარმაკოთერაპიაზე, ხოლო ძალიან ცოტა ინვესტიციაა ფსიქოსოციალურ თერაპიაში, რომელიც საჭიროა ეფექტური თანამედროვე ფსიქიატრიული მკურნალობისთვის“.
ანგარიში ხაზს უსვამს CPT-ის ვალდებულებას განაგრძოს დიალოგი და თანამშრომლობა ეროვნულ ხელისუფლებებთან, რათა უზრუნველყოს რეკომენდაციების ეფექტიანად განხორციელება.
რეკომენდაციები რეფორმების განსახორციელებლად
კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, მიიღონ ეროვნული სტრატეგიები მკაფიო ვადებით, რათა დაშალონ პატიმრების არაფორმალური იერარქიები და შექმნან სისტემები, რომლებიც დაფუძნებული იქნება კანონიერებასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე.
„კომიტეტი მიიჩნევს, რომ ასეთი ყბადაღებული თემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე მოიცავდა სასჯელაღსრულების სისტემების თითქმის ყველა სფეროს, მხოლოდ ყოვლისმომცველი მიდგომით შეიძლება დაიძლიოს, სასურველია ეროვნული სტრატეგიის ფორმით, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაზე ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ღირებულებების შესაბამისად“, – ნათქვამია ანგარიშში.
პრობლემის მოსაგვარებლად, CPT-მ გადაუდებელი და გრძელვადიანი რეკომენდაციების სერია გამოსცა არაფორმალური იერარქიის სისტემით დაზარალებული ცხრავე ქვეყნისთვის, მათ შორისაა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია; პერსონალის გაზრდა და გადამზადება; რისკზე დაფუძნებული კლასიფიკაციის დანერგვა სტანდარტიზებული შეფასებების გზით ციხეში შესვლისას; დაუცველი ჯგუფებისთვის, როგორიცაა LGBTQI+ პირები, სათანადო დაცვის მქონე საცხოვრებელი პირობებისა და რეჟიმის უზრუნველყოფა, არაფორმალური ძალაუფლების სტრუქტურების აღმოფხვრა; ინფორმატორების დაცვის გაძლიერება და სხვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 06/06/2024 – ევროპის საბჭოს ანგარიში: პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში კვლავ მეორე ადგილზეა
- 06/07/2023 – პატიმრების რიცხვით საქართველო ევროპაში მეორეა
- 09/04/2021 – საქართველო პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)