ევროპის საბჭოს 2024 წლის ანგარიში საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ

1 week ago 3

ევროპის საბჭოს უახლესი ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ცხადყოფს, რომ 2024 წელს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი, საქართველოს წინააღმდეგ 13 ახალი საქმე მიიღო ზედამხედველობისთვის – 2023 წელს ეს მაჩვენებელი 15-ს, ხოლო 2022 წელს 10-ს შეადგენდა. წლის ბოლოსთვის, კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ 73 საქმე დარჩა, მათ შორის რვა საქმე გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ. მართალია 18 საქმე დაიხურა, სამართლიანი დაკმაყოფილების სრული გადახდა ცხრა შემთხვევაში დადასტურდა, თუმცა სამ სხვა საქმეში გადახდის დაგვიანება გამოვლინდა.

ანგარიშში მითითებულია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, მინისტრთა კომიტეტის წინაშე 191 საქმეა წარდგენილია, მათ შორის 78 წამყვანი და 113 განმეორებადი საქმე.

მიმდინარე საქმეები

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 73 საქმე (2023 წელს – 78 და 2022 წელს – 68) განიხილებოდა მინისტრთა კომიტეტში. ამ საქმეებს შორის, 27 კლასიფიცირებული იყო როგორც წამყვანი საქმე და 46 – განმეორებადი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 73 შემთხვევიდან „რვა იყო წამყვანი საქმე, რომელიც გაძლიერებული პროცედურის ქვეშ მოექცა“. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 7-ს, ხოლო 2022 წელს 6-ს შეადგენდა. გარდა ამისა, სტანდარტული პროცედურებით განიხილებოდა 19 წამყვანი საქმე, მათგან ცხრა ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილებოდა.

სამოქმედო გეგმები/ანგარიშები

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა სამი სამოქმედო გეგმა, 11 სამოქმედო ანგარიში და ერთი კომუნიკაცია. განახლებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია სამ საქმეზე, სადაც გამოხმაურება წლის დაწყებამდე იქნება წარდგენილი.

სამართლიანი დაკმაყოფილება

რაც შეეხება სამართლიან დაკმაყოფილებას, სრული გადახდა 2024 წელს ცხრა საქმეზე განხორციელდა. თუმცა, გადახდის ან/და პროცენტის დადასტურება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა სამ საქმეზე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გადახდის ვადა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ გავიდა.

საქმის დახურვა 2024 წელს

2024 წელს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ 18 საქმე დახურა, მათ შორის ოთხი წამყვანი საქმე სტანდარტული ზედამხედველობის ქვეშ. ერთ-ერთი დახურული წამყვანი საქმე ეხებოდა „სიცოცხლის უფლების დარღვევას იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა პირი სამედიცინო დაუდევრობისგან“. საქმე დაიხურა მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების, სამედიცინო დაწესებულებებზე ზედამხედველობის გაძლიერებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების ხელახალი გახსნის საშუალებას იძლევა.

„გარდა ამისა, დაიხურა 14 განმეორებითი საქმე, რადგან შემდგომი ინდივიდუალური ზომები არ იყო საჭირო ან შესაძლებელი“, – ნათქვამია ანგარიშში.

მინისტრთა კომიტეტის მიერ განხილული ძირითადი საკითხები

წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის განმავლობაში მინისტრთა კომიტეტმა განიხილა და გადაწყვეტილებები მიიღო ხუთ წამყვან საქმეზე „გაძლიერებული პროცედურებით“:

  • ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის შესახებ ბრალდებების არასათანადო გამოძიება, ასევე ეჭვმიტანილთა დაკავების და/ან დაპატიმრებისა დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება;
  • მერაბიშვილის საქმემ ცხადყო, რომ „ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო და საკმარისი მიზეზები მისი პატიმრობაში დატოვების გასამართლებლად“;
  • საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დადგინდა, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურებს არეგულირებს;
  • საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დადგინდა სახელმწიფო ხელისუფლების წარუმატებლობა დაეცვა ადამიანები ჰომოფობიური თავდასხმებისგან დემონსტრაციების დროს;  
  • თხელიძის საქმეზე დაადგინა სახელმწიფოს უუნარობა ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პოლიციის უმოქმედობის ეფექტური გამოძიების წარმოების საქმეში.

ანგარიშში მოცემული მონაცემების სანახავად იხილეთ ბმული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა