ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს

3 days ago 2

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ 18 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზიტი ხორციელდება პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი დაძაბულობით, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზებითა და ძალადობის აქტებით ბოლო კვირების განმავლობაში“. ამავე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია „უზრუნველყოს პირობები ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის უწყვეტი თანამშრომლობისისთვის, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით“. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფაქტი მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობის დასადასტურებლად გამოიყენა.

ვიზიტამდე გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „არსებულ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია“. ევროპის საბჭო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ გენერალური მდივანი „მიესალმება ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილის გუშინდელ გათავისუფლებას, რომელთაც ის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად შეხვდება“. ოფიციალურ პრესრელიზში სხვა შეხვედრებზე საუბარი არ არის.

 „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამოიყენა ვიზიტი 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავისი მმართველობის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 18 დეკემბერს განაცხადა: „ლეგიტიმაციაზე საუბარი, ალბათ, ვეღარ გაგრძელდება, რადგან ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცით, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შესაძლოა, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი… თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი ამით დასრულებულია“.

გენერალურ მდივანს თან ახლავს გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში, და გენერალური დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების საკითხებში.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა