საქართველოს შესახებ გამართული დებატების შემდეგ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა 26 მარტს რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში“. რეზოლუციას კონგრესის 101-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 10-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 3-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში საუბარია დემოკრატიულ უკუსვლასა და გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებსა და საზოგადოების ნდობაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, ადგილობრივ დემოკრატიასა და საარჩევნო კოდექსში შეტანილ არაერთ ცვლილებაზე, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს „ქართული ოცნების“ დომინანტურ მმართველობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს მოვლენები „არ უწყობს ხელს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში ჩატარებას“.
რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე და მის მზარდ გავლენაზე ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობაზე. ის ოპოზიციის მარგინალიზაციასა და პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც, დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია მოყვა და აიძულა ოპოზიცია ბოიკოტი გამოეცხადებინა გადაწყვეტილების მიმღები ყველა ორგანოსთვის.
კონგრესი ასევე ამახვილებს ყურადღებას სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირთა მზარდ დაშინებაზე, განსაკუთრებით უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მოსალოდნელი მიღების ფონზე და ხაზს უსვამს, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მხარდაჭერა და ხელშეწყობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის კრიტიკული ხელისუფლების მიმართ“.
რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების და ოპონენტების მიმართ სასტიკი რეპრესიების განხორციელების გამო, რითიც, მისი თქმით, დაირღვა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.
კონგრესმა ასევე გამოთქვა შეშფოთება საქართველოს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების გამო და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებმა გააძლიერა მმართველი პარტიის დომინანტური როლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რამაც უფრო მეტად შელახა მისი დამოუკიდებლობა.
„ბევრმა ხარვეზმა და გამოწვევამ, რომელიც გავლენას ახდენს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნგრევა გამოიწვვია და დააზიანა ადგილობრივი დემოკრატია, რაც ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
კონგრესმა დაავალა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტს, გააგრძელოს მუშაობა თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების გარანტიების გაფართოებაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაზე მონიტორინგის ვიზიტი გადადოს საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე.
მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ფაქტების დამდგენი ან მაღალი დონის ვიზიტი განახორციელოს რეკომენდაციების განხორციელებაში საქართველოს პროგრესის შესაფასებლად და შესთავაზა ადამიანის უფლებათა საკითხებში მუდმივ მომხსენებელს მონაწილეობა მიიღოს ასეთ ვიზიტში, რათა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ადგილობრივ დონეზე შეაფასოს.
კონგრესი მოუწოდებს თავის ბიუროს და მონიტორინგის კომიტეტს, საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის საკითხი მომავალ სესიებზეც განიხილოს, სანამ რეკომენდაციები სრულად არ განხორციელდება. კონგრესი ასევე მოუწოდებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას იყოს ყველას და არა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლობითი ორგანო.
კონგრესი გამოთქვამს მზადყოფნას განაგრძოს პოლიტიკური დიალოგი ქართულ დელეგაციასთან რეკომენდაციების განხორციელებაში თანამშრომლობის მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური)