„ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვს პატიმრობიდან გათავისუფლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ბარამიძე. ევროპული პარტია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, „შეწყვიტოს პროდასავლური ოპოზიციის პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს გიორგი ბარამიძე და საქართველოში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები“.
„EPP ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების გამო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური დამცველია“, - წერია განცხადებაში.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი ბარამიძე პროკურატურის თანამშრომლებმა 11 სექტემბერს დააკავეს საცხოვრებელ ბინაში. მას ბრალი წაუყნეს „სამშობლოს ღალატისა” და “საბოტაჟის” ბრალდებებით - სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლების შესაბამისად.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს 7 აგვისტოს პროკურატურაში.
- პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს.
- მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“.
- მოგვიანებით ბარამიძემ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის თქვა: „არ მითქვამს, რომ ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე იმათ ვხვრეტდით“.
ბარამიძისთვის წაყნებული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა).
დაკავების მეორე დღეს, 12 სექტემბერს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური დაკვეთა და უკანონო გადაწყვეტილებაა.
radiotavisupleba ახალი ამბები