უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე მსჯელობის შემდეგ ევროპის ექვსი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინის მხარდამჭერი მორიგი განცხადება გამოაქვეყნეს.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 12 მაისს, ლონდონში გაიმართა. ევროპის სახელმწიფოთა ეს ჯგუფი ცნობილია სახელით Weimar+. შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
მისი და მინისტრების ერთობლივ განცხადებაში დადასტურებულია უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა.
ევროპელი პოლიტიკოსები მიესალმებიან სამშვიდობო ძალისხმევას აშშ-ის ხელმძღვანელობით და ამ კვირაში მოლაპარაკების პერსპექტივას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერჯერობით რუსეთს არ უჩვენებია სერიოზული განზრახვა პროგრესის მისაღწევად, რაც დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. Weimar+ უერთდება 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტისკენ უკრაინის მოწოდებას, რათა შეიქმნას სივრცე მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მყარი მშვიდობის შესახებ.
განცხადებაში საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობასა და სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე, უსაფრთხოების საიმედო გარანტიების აუცილებლობასა და უკრაინის აღდგენის ხელშეწყობაზე.
რაც შეეხება რუსეთს, მიმართავენ დამატებით ზომებს, რათა კრემლს შეზღუდული ჰქონდეს ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავალი. მათ შორისაა ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობის აღკვეთა და რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის კიდევ უფრო შემცირება. დაბლოკილი დარჩება რუსეთის სუვერენული აქტივებიც, სანამ ის აგრესიას არ შეწყვეტს და ზიანს არ აანაზღაურებს.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით და რუსეთისგან პასუხს ელოდებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.