ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას EU-ს მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტები წარადგინა.
მისი გამოსვლის მთავარი გზავნილი უფრო დამოუკიდებელი და დაცული ევროპის შექმნა იყო, რის ფარგლებშიც ფონ დერ ლაიენმა ახალი ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია, ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირებისთვის საგანგებო პროტოკოლი და ევროპული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა დააანონსა.
“მჯერა, რომ დროა, ევროპას საკუთარი მე-4 მუხლი – ანუ საგანგებო უსაფრთხოების პროტოკოლი – ჰქონდეს.” – თქვა ფონ დერ ლაიენმა, რაშიც მან NATO-ს მეოთხე მუხლის მსგავსი საკონსულტაციო მექანიზმის შექმნა იგულისხმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის გეგმით, ევროპული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში EU-ს წევრებთან ერთად გაერთიანებული სამეფო, კანადა, ნორვეგია და უკრაინაც ჩაერთვებიან. მან ასევე წარადგინა ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საჰაერო თავდაცვის, კიბერუსაფრთხოების, კოსმოსისა და სხვა სტრატეგიული შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს.
ამავდროულად, ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაძლიერების პირობაც დადო. მისი თქმით, EU უკრაინას ზამთრისა და ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება და Patriot-ის ამერიკული რაკეტების სწრაფ მიწოდებას შეუწყობს ხელს.
კომისიის პრეზიდენტმა ასევე დააანონსა უკრაინასთან ერთად Freyja-ს სახელობის ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნა, ახალი თავდაცვითი სამრეწველო პროექტები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების გამკაცრება.
გამოსვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კანადას ეხებოდა. ფონ დერ ლაიენმა EU-სა და კანადას შორის “მომავლის ალიანსის” შექმნის ინიციატივა წარადგინა და კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობა შესთავაზა.
“მინდა, თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობისთვის კარი გავუხსნათ.” – მიმართა მან კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნის, რომელიც სტრასბურგში ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა.
ასოცირებული წევრობა ამ დროისთვის EU-ს ხელშეკრულებებით განსაზღვრული სტატუსი არ არის და სრულ წევრობას არ გულისხმობს. დაგეგმილი პარტნიორობა თავდაცვას, ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, ენერგეტიკას, კრიტიკულ მინერალებსა და არქტიკას მოიცავს.
ამას გარდა, ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად ეკონომიკური ზრდა და სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირება დაასახელა. მან ასევე დააანონსა ბიზნესისთვის ნებართვების გაცემის დაჩქარება, ერთიანი ბაზრის რეფორმირება და კრიტიკული ნედლეულის ევროპული კორპორაციის შექმნა.
მისი თქმით, EU-მ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უნდა დააბალანსოს, ხოლო ელექტრიფიკაციის, ბირთვული და განახლებადი ენერგიის დახმარებით იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შეამციროს.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის გამკაცრებაც დააანონსა. EU KIDS Act-ის პროექტის თანახმად, 13 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა შეეზღუდებათ, 13-დან 15 წლამდე მოზარდები კი მხოლოდ მშობლების ზედამხედველობის ქვეშ არსებულ შეზღუდულ ანგარიშებს გამოიყენებენ. პარალელურად, სოციალური მედიის პლატფორმებს 15-დან 18 წლამდე მომხმარებლებისთვის უსაფრთხო დიზაინის სავალდებულო წესების დაცვაც დაეკისრებათ.
საქართველოს კონტექსტში სიტყვით გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი “შუა დერეფნის” პროექტი იყო. ფონ დერ ლაიენმა “გლობალური კარიბჭის” ფარგლებში ახალი საერთაშორისო ინიციატივა დააანონსა, რომელიც “სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ ევროპულ ბაზართან დააკავშირებს”.
“ჩვენი მიზანია, მარშრუტების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ, სავაჭრო ნაკადები გავასამმაგოთ და 2030 წლისთვის ტვირთის გადაზიდვის დრო მკვეთრად შევამციროთ.” – თქვა მან.
EU პროექტისთვის საჯარო და კერძო სექტორებიდან €12 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გამოყო, საქართველო კი არ უხსენებია.
ამ ფონზე მან პირობა დადო, რომ ევროკომისია “ყველაზე მოწინავე კანდიდატებისთვის” საგზაო რუკებს წარადგენს და ხაზი გაუსვა, რომ EU-ს ღირებულებების პატივისცემა მოლაპარაკებების პროცესში “განხილვას არ ექვემდებარება”.
ამასთანავე, ფონ დერ ლაიენმა დეზინფორმაციასა და უცხოურ ჩარევას “კოგნიტური ომი” უწოდა და თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, EU-ს დაფინანსებაზე წვდომა დამოკიდებული უნდა იყოს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე.
odishinews საერთაშორისო