ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებს სთავაზობენ საჯარო დებატებს ყველა საკითხზე, იქნება ეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური საკითხები, „რუსული კანონი“ თუ სხვა.
ამ თემაზე მან ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას ისაუბრა.
მისი მტკიცებით, ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა „ოცნებამ“ რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში.
„გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით. მაგრამ საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას“, – თქვა კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, ევროპული კომისია პირველ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის საკითხს და შემდეგ ეტაპზე მიერთებაზე მოლაპარაკებების საკითხს იყენებდა „ქართული საზოგადოების შანტაჟისთვის“.
კობახიძე ამბობს, რომ ევროპული კომისიის მიმართ ქართულ საზოგადოებაში ნდობა „ძალიან დაბალია“.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა გაფართოების ანგარიშზე, რომელიც აკრიტიკებს „ოცნების“ ქმედებებს. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად მიმართავდა ანტიევროპულ რიტორიკასა და დეზინფორმაციას, რაც წამყვანმა კობახიძესაც შეახსენა.
საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ ევროპელ ბიუროკრატებს აკრიტიკებს. მისივე მტკიცებით, ეს „პოლიტიზებული ანგარიშია“ და რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის „ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა“ და რომ საქართველოში დაცულია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
„ჩვენ ვთავაზობთ საჯარო დისკუსიებს, საჯარო დებატებს ევროპული კომისიის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული, მაგრამ მოდით, ვიკამათოთ, გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან“, – თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას „ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებზე, რომელთა გაუქმებასაც ვენეციის კომისია ითხოვს, კობახიძე იმეორებს, რომ კანონმდებლობა სრულად უპასუხებს ევროპულ სტანდარტებს.
„ვენეციის კომისიის ანგარიში სრულად პოლიტიზებულია. არაფერი არ ესაქმება მას იურიდიულ სტანდარტებთან“, – თქვა კობახიძემ.
netgazeti