ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას კვლავ კრიტიკულად აფასებს.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ახალ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ მომზადდა. ის საქართველოში ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში იმყოფებოდა.
ანგარიში „ქართულ ოცნებას“ კვლავ მოუწოდებს რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებისკენ, რომელიც ზღუდავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.
ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე ისევ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამართალდამცავთა პასუხისმგებლობისკენ და დემოკრატიულ თავისუფლებებზე მზარდი შეზღუდვების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„კომისარი მიესალმება საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს ყველა თანამშრომლისგან ხილული საიდენტიფიკაციო ნომრების ტარებას მოითხოვს, და მოუწოდებს მისი სწრაფი მიღებისა და ეფექტიანი იმპლემენტაციისკენ.
იგი მხედველობაში იღებს ახლახან გაჟღერებულ სისხლისსამართლებრივ ბრალდებებს ხუთი პოლიციელის მიმართ, 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინება 360 მომიტინგისგან მიიღო, კომისარი შეშფოთებულია დღემდე არსებული მნიშვნელოვანი დაგვიანებებითა და შეზღუდული პროგრესით. იგი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობას, რომლებიც ეხება არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებისა და დემონსტრაციების მართვის ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის მემორანდუმში.
მაიკლ ო’ფლაერტის განცხადებით, ხელისუფლებამ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, უნდა უზრუნველყოს საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე, რაშიც სრულად უნდა ჩაერთონ დაზარალებულები და სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო გამოძიების შედეგები საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს.
კომისარი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაზე არსებული შეზღუდვების გადახედვის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში დამატებითი შეზღუდვები დააწესა. ანგარიშის თანახმად, ეს მოიცავს ნებისმიერი შეკრების, მათ შორის სპონტანური პროტესტის, სავალდებულო წინასწარი შეტყობინების მოთხოვნას; პოლიციის ახალ უფლებამოსილებებს, შეუზღუდონ მომიტინგეებს საგზაო ან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხება; გაფართოებულ ადმინისტრაციულ სანქციებს და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის.
„ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და შეუსაბამოდ გამოიყურება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (ECHR) განმტკიცებულ აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან“, – განაცხადა კომისარმა ო’ფლერტიმ.
კომისარი შეშფოთებულია „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონის მსუსხავი ეფექტით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე (CSO), უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებზე.
„მოვუწოდებ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის აგენტებად“, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონში შესული ფართომასშტაბიანი ცვლილებების გაუქმებისკენ, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ოფიციალური ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს. ხელისუფლებამ ასევე უნდა შეაჩეროს ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა ათეულობით სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ უცხოური დაფინანსების მიღების ან დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის გამო, და დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა მათ საბანკო ანგარიშებზე“, – განაცხადა კომისარმა ო’ფლერტიმ.
იგი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სამართლებრივი მოქმედებები ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
კომისარი აფრთხილებს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის მედიასაშუალებებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა და ცილისწამების შესახებ კანონში შესული ცვლილებების ერთობლივი ეფექტი ქმნის რისკს, რომ ჟურნალისტებმა თვითცენზურას მიმართონ.
ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მარტში გაცემული რეკომენდაციების გარდა, რომლებიც ძალაში რჩება, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას უწევს:
- გადახედოს, გააუქმოს ან არსებითად შეცვალოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებული ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-11 მუხლთან და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებთან.
კერძოდ:
სპონტანური შეკრებების დაცვისა და მშვიდობიან პროტესტზე ყოვლისმომცველი შეზღუდვების გაუქმების გზით, იმავდროულად იმის უზრუნველყოფით, რომ ნებისმიერი შეზღუდვა იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და ექვემდებარებოდეს ეფექტიან სასამართლო გადახედვას;
იმ დებულებების გაუქმების გზით, რომლებიც აწესებს არაპროპორციულ ადმინისტრაციულ პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პროტესტთან დაკავშირებული განმეორებითი სამართალდარღვევებისთვის, და შეკრებების კონტექსტში თავისუფლების აღკვეთის უკიდურეს ზომად შეზღუდვით, რომელიც გამოყენებული იქნება ინდივიდუალური საფუძვლით;
- დაუყოვნებლივ აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევასა და სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, თვითნებური დაკავებების წინააღმდეგ გარანტიების გაძლიერების, პოლიციის უკანონო პრაქტიკაზე ეფექტიანი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა და კომისრისა და სახალხო დამცველის წარდგინებებში იდენტიფიცირებული სტრუქტურული ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზით;
- შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე დაწყებული მოკვლევის პროცესები;
- შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი გამოძიება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის გამო, ან, სულ მცირე, დაუყოვნებლივ აღადგინოს წვდომა ამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე;
- გააუქმოს „ფარა“, „გრანტების შესახებ“ კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2024 წლიდან მოყოლებული მიღებული ყველა ცვლილება, ისევე როგორც მათთან დაკავშირებული შესწორებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“;
- გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, კერძოდ, ცვლილებებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონსა და ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად;
- თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ღონისძიებისგან, რომელიც თვითნებურად ზღუდავს დემოკრატიულ თავისუფლებებს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.
ანგარიშში ასევე საუბარია „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი, „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებს მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ.
„2025 წლის მარტში კომისარმა რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინათ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო დაკავებული ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, და უზრუნველეყოთ ჟურნალისტების თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა…
რაც შეეხება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებას, რომელსაც 2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, კომისარი მიუთითებს თავის ადრინდელ მოწოდებაზე ხელისუფლებისადმი მისი გათავისუფლების შესახებ. იგი შეშფოთებით აღნიშნავს, რომ 2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მისი განაჩენი, ხოლო 2026 წლის მარტში, გავრცელებული ინფორმაციით, მას უარი ეთქვა ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნაზე“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·