„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლიტიკურმა ფრაქციებთან შეხვედრისას ცალკე საკითხად განიხილეს მზია ამაღლობელის საკითხი.
მისი თქმით, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოდან ჩასულმა ოპოზიციამ შეხვედრებზე მზია ამაღლობელის საკითხი ცალკე დააყენა და უცხოელი პოლიტიკოსებისგან საკითხისადმი ინტერესი თავადაც მოდიოდა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ცალკე საკითხად დავაყენეთ მზია ამაღლობელის მდგომარეობა, დაინტერესებაც იყო მათი მხრიდან და ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც ჩვენ გვქონდა.
ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქოცების დელეგაციის უფლებამოსილება დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ახლა საკითხი წავა 2 კომიტეტში განსახილველად და სავარაუდოდ დადგება კენჭისყრაზე ოთხშაბათს.
„ალდეს“ ბიურომ, რომლის წევრები ჩვენც ვართ, ჩვენს მიერ წარდგენილი მასალების განხილვის და ჩვენი მოსმენის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაუჭერს ქოცების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მხარს“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ზე.
პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების მე-16 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.