ეკლესიამ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას, რომელიც როგორც მმართველი პარტიის, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირების ღია კრიტიკითაა ცნობილი, მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალა, „ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“.
5 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებას, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აწერს ხელს, ერთი კვირით ადრე წინ უსწრებდა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობიდან გათავისუფლება მსგავსი ბრძანების საფუძველზე.
„სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, – ნათქვამია ბრძანებაში.
თოლორაიამ გააკრიტიკა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი იმ დღეს, როდესაც ეპარქიულმა კომისიამ არქიმანდრიტ დოროთეს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო. ყურაშვილთან ერთად მყოფმა თოლორაიამ მიტროპოლიტი რუსული ინტერესების მსახურებაში დაადანაშაულა და პარალელები ეგზარქოსებთან გაავლო.
მოგვიანებით თოლორაია საპატრიარქოში დაიბარეს, რაც, მისი თქმით, მისი კრიტიკის საპასუხოდ მოხდა. შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ მიტროპოლიტმა შიომ იგი ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მონანიება მოსთხოვა.
თოლორაია, ყურაშვილის მსგავსად, საჯაროდ უჭერდა მხარს თბილისში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებს და სოლიდარობას უცხადებდა მომიტინგეებს.
This post is also available in: English

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·