სააგენტო "პარალელი"
“ეკლესიის პატივისცემაც, მისი თავისუფლების პატივისცემას ნიშნავს – მაშინაც, როცა მისი სიტყვა არ მოგწონს” – გიგი წერეთელი
ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესსა თუ სასულიერო პირებთან მიმართებით, გამოთქმული მოსაზრებების გამო, გამოხატულ მძიმე რეაქციებზე, მმართველ პარტიასთან დაკავშირებით კონკრეტული მინიშნებებით, თავის პოზიციას აფიქსირებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი:
“ბოლო პერიოდში„ ოცნების“ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები დაუგროვდა, გარეთაც და შიგნითაც.
საგარეო ვიზიტების მიუხედავად, ევროკავშირისგან კიდევ უფრო დაშორებასა და მზარდ საერთაშორისო იზოლაციას ვხედავთ, მოსალოდენელი შედეგებით.
ქვეყნის შიგნით კი, ვითარება კიდევ უფრო გართულდა — საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის ფარსი, დაპირისპირება საპატიმროში მყოფ ყოფილ საკუთარ მაღალჩინოსნებთან, ციხის სკანდალი და ისიც, რომ ხელისუფლებას საკუთარი მომხრეების დასჯა მოუწია, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობის გამო.
თუმცა, ალბათ, ყველაზე მტკივნეული და დამაზიანებელი, ეკლესიის მაღალ იერარქებთან დაპირისპირება აღმოჩნდა.
ყველამ ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები მეუფე იობის მიერ ხელისუფლების მკაცრი და საფუძვლიანი კრიტიკის შემდეგ, რომელსაც სხვა გავლენიანმა სასულიერო პირებმაც დაუჭირეს მხარი. ხელისუფლების მხარდამჭერი წრეებიდან წამოსულმა გაბოროტებულმა და შეურაცხმყოფელმა რეაქციებმა კი ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.
ეს, უკვე, მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირებთან უთანხმოება აღარ არის. ეს არის სერიოზული ბზარი იმ ინსტიტუტთან ურთიერთობაში, რომლის ავტორიტეტიც და მხარდაჭერაც „ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საყრდენი იყო.
ავტორიტარიზმს ოპონენტის არსებობაც აღიზიანებს. უნდა, რომ ყველა ემორჩილებოდეს, ყველა ეთანხმებოდეს. ვინც ხმას ამოიღებს, მტერია, ვინც უსამართლობას გააპროტესტებს — ქვეყნის მოღალატე და აგენტი, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას კი, ქვეყნის გადარჩენად ასაღებს.
როდესაც ხელისუფლებას სარკეში დანახული საკუთარი სახე არ მოსწონს, გამოსავალს სარკის დამსხვრევაში ეძებს. სწორედ ასეთი სარკის როლს ასრულებენ დამოუკიდებელი მედია, დემოკრატიული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება — ისინი აჩვენებენ იმ რეალობას, რომლის აღიარებაც ხელისუფლებას არ სურს.
ამიტომ სურს ეკლესიის დამორჩილებაც. ეკლესიის თავისუფალი ხმა ხომ შეიძლება ხელისუფლებასაც სთხოვდეს პასუხს, დაჩაგრულს გამოესარჩლოს და მოძალადეს უთხრას, რომ დასასჯელია.
ხელისუფლებას კი, ისეთი მხარდაჭერა უნდა, რომელიც არაფერში შეეწინააღმდეგება და ყველაფერს გაუმართლებს.
სწორედ ეს არის ფარისევლობა — ქრისტიანობაზე ლაპარაკობდე და ადამიანზე ძალადობას და დამცირებას ამართლებდე; სიყვარულს ქადაგებდე და განსხვავებული აზრის გამო სიძულვილს თესავდე; ტაძარში ლოცულობდე და გარეთ უსამართლობას ამკვიდრებდე.
ეკლესიის პატივისცემაც, მისი თავისუფლების პატივისცემას ნიშნავს — მაშინაც, როცა მისი სიტყვა არ მოგწონს.
ოპონენტების აუტანლობა, აკრძალვისა და დევნის სურვილი კი აჩვენებს, რამდენად აშინებს ხელისუფლებას თავისუფალი არჩევანი.
სარკის მსხვრევით სახე არ იცვლება. ვერც კრიტიკოსების გაჩუმება წაშლის უსამართლობას და უკანონობას…
საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინაშე პასუხს აგებს და ეკლესია, რომლის თავისუფალ ხმასაც, ხელისუფლების განაწყენების შიში ვერ ჩაახშობს
“, – წერს გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში.
“ეკლესიის პატივისცემაც, მისი თავისუფლების პატივისცემას ნიშნავს – მაშინაც, როცა მისი სიტყვა არ მოგწონს” – გიგი წერეთელი
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები