კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს ამბობს.
ხოშტარიას თქმით, შეცდომაა, როდესაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი „ქართულ ოცნებას“ პროპაგანდისთვის გამოყენებების საშუალებას აძლევს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტპატიმრებთან არ მიდის.
„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო. ევროსაბჭო არა არის ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!“, — წერს ხოშტარია.
ალენ ბერსესთან შეხვედრაზე უარი თქვა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. ხოშტარიას მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უნდა შეხვედროდა აქციაზე დაკავებულებს, ასევე სპეცრაზმელების მიერ ნაცემ მოქალაქეებს და ხალხს, რომელიც 22 დღეა უწყვეტად აპროტესტებს “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
“მითუმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები. მითუმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი. მითუმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ჯაფარიძის ინფორმაციით, მას ეთანხმებიან სხვა ოპოზიციონერებიც. მათ შორის ისინიც, ვინც ბერსესთან შეხვედრას და “ამ ყველაფრის პირში თქმას” აპირებენ.
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, რომელიც უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს, დღეს კი დაგეგმილი აქვს შეხვედრები ოპოზიციასთან.