დასავლეთის ქვეყნებმა და დიპლომატებმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს მხარდაჭერა გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც თბილისში ვიზიტი შემდეგ იგი ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე გახდა.
16 ოქტომბერს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე გაკეთებულ განცხადებაში, ნორვეგიამ, ისლანდიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ნიდერლანდების, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს და თავისი სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა „სრული ნდობა“ ვალტონენის თავმჯდომარეობის მიმართ.
ქვეყნები მიესალმნენ ვალტონენის ჩართულობას საქართველოს დაინტერესებულ მხარეებთან და მის „მკაფიო მხარდაჭერას ეუთოს ფუნდამენტური ვალდებულებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მიმართ“.
„მისი გამოჩენა საპროტესტო აქციაზე არ ამცირებს თავმჯდომარის მიუკერძოებელ როლს და არც პრინციპული დიალოგის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. „ჰელსინკის საბოლოო აქტში ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს ყველა ინდივიდუალური პირის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურ განხორციელებას“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ „ჩვენ ვაფასებთ მის ჩართულობას საქართველოს დაინტერესებულ მხარეებთან და მხარდაჭერას ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მიმართ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის მანდატს მთელ სამხრეთ კავკასიაში“.
ამავე თემაზე კომენტირებისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა X-ზე დაწერა, რომ „საქართველომ, როგორც ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მის ხალხს შეეძლოს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ღია დებატებისა და თავისუფალი პრესის გზით. შვედეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ეს ვალდებულებები“.
This post is also available in: English