თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საქმეზე, სადაც მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან.
კერძოდ, ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით — სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხყოფაში. საქმე ეხება სასამართლო პროცესზე პოლიციელ შოთა ჭიპაშვილისთვის „არაკაცის“ წოდებას.
პროკურორმა დავით დევიძემ განაცხადა, რომ ელისაშვილმა პოლიციელს „არა მარტო არაკაცი, არამედ სხვა სიტყვებიც უწოდა“.
შოთა ჭიპაშვილი ცნობილია დაზარალებულად.
„მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მოწმე, მოპოვებულია ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები. გამოთხოვილია სხდომის ოქმი, სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მოწმის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა. ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ შესაბამისი დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პროცესის მონაწილის შეურაცხყოფას. შოთა ჭიპაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ცნობილია დაზარალებულად, მან იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. ნებისმიერი პიროვნება შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს აღნიშნული სიტყვების გაგონებისას. არა მარტო „არაკაცი“, არამედ სხვა სიტყვებიც უწოდა“, — განაცხადა დავით დევიძემ.
თავად ალეკო ელისაშვილი პოლიციელს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ იმის ნაცვლად, გამოძიება პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ დაწყებულიყო, ელისაშვილს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე „შეუკერეს“.
„თვითონაც აღიარებს, რომ „არაკაცი” უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც ალეკო ელისაშვილმა ამხილა არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მის მიმართ. აქ არის მნიშვნელოვანი კონტექსტი, რაშიც იყო ნათქვამი „არაკაცი“. მან მიმართა მოსამართლესა და პროკურორს, რომ „აი, ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა”. წამებას ჰქონდა ადგილი: მრავალი საათის განმავლობაში მჭიდროდ მოჭერილი ხელბორკილები ედო. სისხლი სდიოდა. პოლიციელმა არ შეხსნა ხელბორკილი და არც წყალი დაალევინა“, — თქვა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, სამართლებრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 1 წელს, რომელიც შესაძლოა, ელისაშვილს ახალ საქმეზე მიესაჯოს, რადგან 13-ლიანი განაჩენი ახალ სასჯელს შთანთქავს.
„უბრალოდ საზოგადოების უნდათ რომ აჩვენონ, რომ „ნახეთ, ოთხი სისხლის სამართლის საქმეა მის წინააღმდეგ და მრავალგზის კრიმინალია“, — თქვა რეხვიაშვილმა.
სასამართლო პროცესზე თავად ელისაშვილმა მცირე რეპლიკა გააკეთა სუს-ის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძეზე.
„მდინარაძეზე არაფერს ვიტყვი. წაქცეულის ცემა საკადრისი არ არის, მაგრამ ერთს ვაფრთხილებ, რადგან ციხის გზაზე დგას ეგ აშკარად, გაამწესა თავისმა ბატონმა და რომ მოვა, გენერლის პაგონები არ დარჩეს. გენერალი ჯერ არ მიცემია. ლეიტენანტი იყო და დაწყებული საქმე უნდა დავამთავრო“, — თქვა ალეკო ელისაშვილმა.
netgazeti