ერგნეთში IPRM-ის 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს

1 month ago 36

ერგნეთში 20 მარტს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ქართული მხარე უკანონო „ბორდერიზაციის“, საქართველოს ექვსი მოქალაქის უკანონო დაკავებისა და თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიების საკითხებს დააყენებს.

ანთაძის თქმით, 2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე „ბორდერიზაციის“ ხუთი ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც სამი IPRM-ის თებერვლის შეხვედრის შემდეგ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მოხდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

შეხვედრის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეთა ერთგულებას IPRM-ის ფორმატის მიმართ და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის უსაფრთხოებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს. ამასთან, მათი თქმით, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საჭიროა გადაადგილებაზე შეზღუდვების შემსუბუქება და გამშვები პუნქტების სრული გახსნა. მათ ასევე მოუწოდეს, რომ შეწყდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები და საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას ჰუმანიტარულ მიდგომის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზის თანახმად, დისკუსიებზე ხაზი გაუსვა უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ფიზიკური ბარიერების აღმართვას. ყველა მხარემ აღიარა მომავალი სასოფლო-სამეურნეო სეზონისთვის დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა და საირიგაციო სამუშაოებზე ტექნიკური შეხვედრების სარგებლიანობა.

გარდა ამისა, მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ როლს ინფორმაციის გაცვლისა და დაძაბულობის მართვის საქმეში.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი შეხვედრა 2024 წლის 16 მაისს გამართონ.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა