ერგნეთში 22 ოქტომბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 135-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე „დეტალურად მიმოიხილეს, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი“.
სუს-ის წარმომადგენლებმა „კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი“.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და „მკაცრად მოითხოვა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თანათავმჯდომარეები „მიესალმნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატისადმი ყველა მონაწილის უწყვეტ ერთგულებას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მისი, როგორც პრაქტიკული პლატფორმის მნიშვნელობა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და კონფლიქტით დაზარალებულ თემებზე გავლენის მქონე საკითხების განსახილველად“.
შეხვედრის მონაწილეებმა „განიხილეს უსაფრთხოების კუთხით განვითარებული მოვლენები, გაამახვილეს რა ყურადღება ადამიანის უსაფრთხოებაზე და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე“.
თანათავმჯდომარეები მიესალმნენ დაკავებულთა ბოლოდროინდელ გათავისუფლებას და ამავდროულად გაიმეორეს „შეშფოთება დაკავებების განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით“.
„თანათავმჯდომარეები მიესალმნენ გადაკვეთის რეჟიმის სექტემბრის დასაწყისიდან განხორციელებულ ცვლილებებს. ასევე მოუწოდეს მონაწილეებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელებისკენ. მათ ხაზის გაუსვეს გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელობას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ქალების, კაცების და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების, საარსებო წყაროების და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
იმავდროულად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ მოითხოვეს ჩორჩანა/წნელისის პოლიციის საგუშაგოს გაუქმება და შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის მკვიდრის, თამაზ გოლოევის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი ამჟამად ჯაშუშობის ბრალდებით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება პატიმრობაში.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგი რეგულარული შეხვედრა 2026 წლის 15 დეკემბერს გაიმართება.
This post is also available in:
civil ახალი ამბები