თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ მომავლის, უსაფრთხო და სტაბილური სირიის შესაქმნელად აუცილებელია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა მუშათა პარტიის და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების განადგურება.
რვა განვითარებადი ქვეყნის (D-8 - Developing 8 Countries) ეგვიპტეში გამართული შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქეთი სირიის ახალ ხელმძღვანელობას მხარს დაუჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას არა ჰგონია, რომ რომელიმე ქვეყანა გააგრძელებს თანამშრომლობას სირიის ისეთ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ქურთ მეამბოხეთა გაერთიანება YPG-ი (სირიელ ქურთების დემოკრატიული კავშირის შეიარაღებული ფრთა). ერდოანი აშკარად მიანიშნებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში გამაგრებულ ქურთ მეამბოხეებთან აშშ-ის თანამშრომლობას, წერს Reuters-ის სააგენტო.
ერდოანის თქმით „ისლამური სახელმწიფო", ქურთთა მუშათა პარტია და მისი ვერსიები, რომლებიც სირიის გადარჩენას საფრთხეს უქმნიან, უნდა ამოიძირკვონ.“ აშშ-ში და სხვა ბევრ ქვეყანაში ტერორისტულად შერაცხილი „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამის” მეთაურობით სირიელმა მეამბოხეებმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დიქტატორული რეჟიმი დაამხვეს და ეს ქვეყანა სამომავლო მოწყობისთვის ემზადება.