თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი ეხმაურება ბათუმში ბეშიქთაში-ჰაპოელის მატჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ქართველი სამართალდამცავები გააკრიტიკა.
„დღეს მთელი თურქეთი და მთელი კაცობრიობა ჩვენი „ბეშიქთაშის“ გვერდით დგას“, - განაცხადა მან მატჩის დასრულებამდე გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოში გამართულ მატჩზე ბანერის, „თავისუფლება პალესტინას“, და პალესტინის დროშის გაშლის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ განხორციელებული ჩარევა და ძალადობა მიუღებელია“, - წერს ის.
„მკაცრად ვგმობთ ისრაელის გუნდის პროვოკაციულ ქმედებებს მოედანზე. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მომხდარის დროს დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით“, - აცხადებს იგი.
მან ასევე გააკრიტიკა UEFA იმის გამო, რომ „ბეშიქთაშმა“ სტამბოლში ვერ ჩაატარა შეხვედრა, და განცხადებაში „ჰაპოელს“ უწოდა „ოკუპანტი ისრაელის გუნდი“.
მანამდე, ბათუმში მომხდარის გამო საქართველოს პოლიცია გააკრიტიკა ექვსა თურქულმა საფეხბურთო კლუბმა. ეს კლუბებია: „ფენერბახჩე“, „გალათასარაი“, „ბაშაქშეჰირი“, „სამსუნსპორი“, „ტრაბზონსპორი“ და „ერზურუმსპორი“.
შეხლა-შემოხლა პალესტინის დროშის გამო
თურქული TRT SPOR-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოედნის ტრიბუნებზე ორმა გულშემატკივარმა პალესტინის დროშა გაშალა, რის შემდეგაც მათკენ პოლიციელები დაიძრნენ.
პოლიციელებმა მათ დროშა წაართვეს. აქ ეპიზოდშიც ჩანს შეხლა-შემოხლა - თუმცა ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი. რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სგან მიიღო ინფორმაცია დაკავებულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ.
radiotavisupleba ახალი ამბები