სამველ კარაპეტიანი 18 ივნისს დააკავეს. მისი დაკავებიდან 18 საათში, 19 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სწრაფად“ სურდა კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაცია.
მოგვიანებით, ივლისში, კარაპეტიანის „ტაშირ გრუპმა“ სტოკჰოლმში წამოიწყო საარბიტრაჟო წარმოება.
პარალელურად სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ნაციონალიზაციის პროცესის დასრულებამდე სახელმწიფოს უფლებას აძლევს, მართოს „ელექტროსისტემა“.
21 აგვისტოს ფაშინიანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაექირავებინა ამერიკული ფირმა Arnold & Porter-ი სტოკჰოლმში მიმდინარე საარბიტრაჟო დავაში და მიუთითა, რომ აღნიშნულ კომპანიას სხვადასხვა მთავრობის სასარგებლოდ წარმოებული დავების მოგების კარგი ისტორია აქვს.
თუმცა 4 სექტემბერს, სომხეთის მთავრობის მორიგი სხდომის შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო აღნიშნულ ფირმასთან კონტრაქტს აღარ დადებს.
- სანაცვლოდ, $3,2-მილიონიანი კონტრაქტი დაიდება სხვა ამერიკულ ფირმასთან, Foley Hoag-თან.
- ეს ფირმა წარსულში სომხეთის მთავრობას წარმოადგენდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტმა ივლისში მიღებული შუალედური გადაწყვეტილებით დაავალდებულა სომხეთის მთავრობა, რომ არ ჩამოერთმიათ „ტაშირ გრუპისათვის“ „ელექტროსისტემა“ და არ შეეჩერებინათ მოქმედი ლიცენზია, სანამ არბიტრაჟში დავა არ დასრულდება. თუმცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა.
გასულ კვირას თანამდებობიდან მოხსნეს საერთაშორისო სასამართლოებში სომხეთის მთავრობის წარმომადგენელი მთავარი იურისტი, ლიპარიტ დრმენიანი, - მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ დრმენიანი ხელისუფლებას შუალედური გადაწყვეტილების მორჩილებისკენ მოუწოდებდა.
„მთავრობა მე ვარ... არავის [მთავრობაში არ] შეიძლება ჰქონდეს პოზიცია, რომელიც ჩემს პოზიციას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ფაშინიანმა დრმენიანის მოხსნამდე ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს.
სომხეთის ეკლესიასთან დაახლოებული პირი, მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს სომხეთში. კარაპეტიანმა ქონება რუსეთში დააგროვა.
- ამავე, „ხელისუფლების დამხობის“ საქმეზე დააკავეს არქიეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაფახიანი.
- ამავე საქმეზეა დაკავებული საქართველოს ყოფილი მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოში დაპატიმრებული და „ქართული ოცნების“ პირობებში გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანი.
რაც შეეხება კარაპეტიანის დაცვის გუნდს - მის ინტერესებს იცავს რობერტ ამსტერდამი (Amsterdan & Partners-ის დამფუძნებელი). ის 11 აგვისტოს ეწვია სომხეთს „ეკლესიისა და სამველ კარაპეტიანის დასაცავად“.
ამსტერდამი არის კანადელი-ამერიკელი იურისტი, რომელიც საქართველოში პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო ადვოკატია.