გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ერთ-ერთ საცხოვრებელ ფართში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ერთი კი – საქართველოს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
“გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის,
ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ – კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა” – ნათქვამია განცხადებაში.
AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად ყაზბეგის მერს, ბაკურ ავსაჯანიშვილს დაუკავშირდა:
– უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში, ინდოეთის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები, სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ერთი ქართველია, დანარჩენები ინდოელები არიან. მათ ნაქირავები ჰქონდათ კოტეჯი, როგორც ვიცი ეს კოტეჯი არის ადგილობრივის, გვარად მარსაგიშვილის. თვითონ ეს ადამიანი სხვაგან ცხოვრობს და ეს კოტეჯი მიქირავებული ჰქონდა მათთვის. როგორც შევიტყვე, მათ პატარა ბიზნესი ჰქონდათ, ამბობენ, კაფეს ამუშავებდნენო და ნაქირავები ჰქონდათ როგორც კომერციული ფართი, ასევე კოტეჯი, სადაც ღამით იძინებდნენ.
ახალი გუდაურის ასავლელთან მდებარეობს ეს კოტეჯი. გუშინ იყო ძლიერი ქარი მთელ საქართველოში, ასევე გუდაურშიც და გარკვეული პერიოდით გაითიშა ელექტროენერგია. როგორც ირკვევა, მათ ჩართეს შიგნით, შესასვლელ ოთახში გენერატორი და თავიანთი ოთახების კარები ღია ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ნახევარი საათი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ გამონაბოლქვით მოწამლულიყვნენ.
ამ დროის ინფორმაციით, სწორედ ამით არიან გარდაცვლილები. ყველანი ადგილზეა დაღუპული. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. ეტყობა ერთი ცუდად გახდა, მაგრამ მან გამოსვლა გარეთ მაინც ვერ შეძლო და გონება დაკარგა. ბინაში სულ ორ ადამიანს აერია გული, ცუდად გახდა. შიგნით არის გენერატორი ჩართული, ერთი მაინც როგორ ვერ მიხვდა, რომ ეს კატეგორიულად არ შეიძლებოდა. გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები. რაც შეეხება ქართველს, ქალბატონია. როგორც ჩანს, ისიც მათთან მუშაობდა და ერთი კოტეჯი მთლიანად ჰქონდათ ნაქირავები. ახლა დაწყებულია გამოძიება. მძიმე ტრაგედიაა.
წყარო:geonews.site